საგანგებო შტაბმა განცხადება გაავრცელა
ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ამ
დროისთვის ცოცხალი ძალის სახით 1500-მდე ადამიანია ჩართული.
დილიდან მუშაობა განაახლა 6 ვეტმფრენმა. მაშველი-მეხანძრეები,
მეტყევეები, პოლიციელები, მუშაობას 24 საათიან რეჟიმში
აგრძელებენ.
"ცოცხალი ძალის მიერ გაჭრილია ხანძრის კერებთან მისასვლელი დამატებითი
გზები, საერთო ჯამში 12 კილომეტრი. სწორედ ამ გზების მეშვეობით
უახლოვდება ცეცხლის კერებს მძიმე ტექნიკა. ხანძრის ძირითადი
მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების
საშუალებას გამორიცხავს. ამ ეტაპზე ყველაზე რთული კერა არდაგანშია, ამ
მონაკვეთზე გუშინაც მძიმე ვითარება იყო. არდაგანის მონაკვეთზე
ინტენსიურად მუშაობს ავიაცია. მაღალი ტემპერატურის გამო მთელ რიგ
ადგილებში შეიმჩნება ტორფის გავრცელება, რაც სიტუაციას ართულებს", -
ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, გარემოს დაცვის სამინისტრომ სტიქიის ზონების
მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში,
ტბასა და ყვიბისში, ასევე დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის
ხარისხის კველევა განახორციელა.
"კვლევების შედეგად ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების
შესაბამისობაშია. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებისთვის,
ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის და ორსულებისთვის
მანამდე მოქმედი რეკომენდაცია მოხსნილია" - ნათქვამია განცხადებაში.