მოსახლეობას სოფელ დაბასა და წაღვერში საფრთხე არ ემუქრება - ზურაბ ალავიძე
"ვერ ვიტყვი, რომ ხანძარს მთლიანად ვაკონტროლებთ, მაგრამ მდგომარეობა
უკეთესი გვაქვს, ვიდრე გვქონდა დილით ან გუშინ ღამე"
- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მობილიზებულები ვიქნებით მთლიანად. მთელი ღამის განმავლობაში
ვიმუშავებთ. დავაკვირდებით ხანძრის კერებს. ადგილზე მუშაობს მძიმე
ტექნიკა. ხვალ, დილის 06:00 საათიდან უკვე ავიაციაც მოგვეხმარება.
იმუშავებს 5 ვერტმფრენი. ასევე თურქეთიდან დაგვემატა დიდი
თვითმფრინავი, რომელიც ჩაერთვება ხანძრის ჩაქრობის სამუშაოებში.
ხვალვე ველოდებით დიდ ვერტმფრენს ბელორუსიდან. ეს არის МИ-26 -ის
ტიპის ვერტმფრენი, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდია. რომ შევადაროთ
5-ჯერ უფრო მეტი წყლის გაფრქვევა შეუძლია ვიდრე იმ ვერტმფრენებს,
რომლებიც ახლა მუშაობდნენ. პანიკის საბაბი არ გვაქვს, მოსახლეობას ამ
მომენტისთვის არაფერი არ ემუქრება" - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.