NDI - გაიზარდა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რიცხვი
საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, 2016 წლის ნოემბრის
მერე, ევროკავშირის მხარდაჭერა 71 პროცენტიდან 80 პროცენტამდე
გაიზარდა.
წინა კვლევების მსგავსად, ევროკავშირის მხარდაჭერა შედარებით დაბალია
უფროსი ასაკის ადამიანებში (70 პროცენტი, მაშინ როცა ახალგაზრდებს
შორის ეს მაჩვენებელი 84 პროცენტია) და ეთნიკური უმცირესობების
დასახლებებში (54 პროცენტი).
ევროკავშირში წევრობის სურვილი, ძირითადად, ეკონომიკური და
დასაქმებასთან დაკავშირებული ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა
გაწევრიანების მხარდამჭერებს ასევე მიაჩნიათ, რომ წევრობა საქართველოს
უსაფრთხოებასა და დემოკრატიას გააძლიერებს. მათგან ვინც არ უჭერს
მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 43 პროცენტი მიიჩნევს,
რომ წევრობა რუსეთთან კონფლიქტს გამოიწვევს, ხოლო მეოთხედს (24
პროცენტი) სჯერა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ქვეყნის ეროვნულ
იდენტობას შეასუსტებს.
მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (92 პროცენტი) ინფორმირებულია
ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის შესახებ, თუმცა ეს
მაჩვენებელი დაბალია უმცირესობათა დასახლებებში (64 პროცენტი).
უმრავლესობის აზრით (78 პროცენტი), უვიზო მიმოსვლის მიუხედავად,
მოსახლეობის უმეტესობა ფინანსურად ვერ გასწვდება ევროპაში
მოგზაურობას. უმრავლესობა, 64 პროცენტი, ასევე ამბობს, რომ უვიზო
მიმოსვლის წესებისა და პროცედურების შესახებ საკმარისი ინფორმაცია
აქვს. მიუხედავად ამისა, 67 პროცენტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობის დიდი
ნაწილი ემიგრაციაში წავა. მეტიც, მოქალაქეების მეოთხედი ამბობს, რომ
უვიზო მიმოსვლა ქართული “მენტალიტეტისა და ეროვნული იდენტობის
დაკარგვას” გამოიწვევს.
ამერიკის ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) კვლევის შედეგები 12
მაისს გაასაჯაროვა. კვლევები განხორციელდა დიდი ბრიტანეთის მთავრობის
UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და იგი ჩაატარა CRRC
საქართველომ.
აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 7-28 აპრილის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის
საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან
მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,7 პროცენტი.