„სტარტაპ საქართველოს“ ხუთი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა
საპარტნიორო ფონდმა „სტარტაპ საქართველოს" პროგრამის ინოვაციურ
კომპონენტში კიდევ ხუთი გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.
გამარჯვებულ პროექტებს შორისაა აკრილის ხელოვნური ქვის
გადამამუშავებელი საწარმო; ხის მერქნის ზედაპირის დაფარვა პოლიმერული
მასალით ელექტრო-სტატიკური მეთოდით; სამედიცინო შპადელების წარმოება;
ღვინის ჩაის წარმოება; Veggie Press - ნატურალური წვენის წარმოება
ინოვაციური რეცეპტით. პროექტები მრეწველობის, მომსახურების,
სოფლის-მეურნეობის პროდუქტების გადამამუშავებელ სფეროებს მოიცავს.
თითოეული პროექტი შეიცავს ინოვაციურობის ელემენტებს, ემსახურება
საქართველოს ბაზარზე ნაკლებად ათვისებული, ან სრულიად ახალი
პროდუქციის, მომსახურების ან ტექნოლოგიის დანერგვას და იმპორტის
ჩანაცვლებას. თითოეული გამარჯვებული პროექტი 100 000 ლარის ფარგლებში
დაფინანსდება.
საერთო ჯამში ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ კომპონენტებში „სტარტაპ
საქართველოს“ 70 გამარჯვებული ჰყავს. გამარჯვებული პროექტების
ავტორები უკვე მუშაობენ საკუთარი იდეების განხორციელებაზე. ერთ-ერთი
მათგანი - ინოვაციური დიზაინის დეკორატიული აგურის წარმოების პროექტი,
პირველ პროდუქციას მარტში გამოუშვებს და ადგილობრივ ბაზარს
მოამარაგებს.
დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას მთავრობის
ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების
სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ.