მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადებისთვისაა დაკავებული
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საპატრიარქოს ქონების მართვის
სამსახურის უფროსი, მამა გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების
ფაქტზეა დაკავებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით უწყებაში საგანგებო ბრიფინგი მთავარმა
პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გამართა.
პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ერთ-ერთ
მოქალაქეს სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის
მოძიებაში დახმარება სთხოვა.როგორც მთავარმა პროკურორმა ირაკლი
შოთაძემ განაცხადა, ციანიდის გამოყენებით მამა გიორგი მამალაძეს,
როგორც განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის
სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.
გამოძიებით დადგინდა, რომ მამა გიორგი მამალაძე განმცხადებელს სთხოვდა
შემჭიდროვებულ ვადებში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებას, რის
სანაცვლოდაც მზად იყო გადაეხადა ფულადი თანხა, ხოლო თავის მხრივ
გაწეული დახმარებისთვის ჰპირდებოდა მომავალში გარკვეულ არამართლზომიერ
სარგებელს. როგორც გაირკვა გ.მამალაძე აპირებდა გერმანიაში
გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ მის თანმხლებ
პირებთან ერთად და მას შხამიანი ნივთიერება სჭირდებოდა
გამგზავრებამდე.
2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს მთავარი პროკურატურის
თანამშრომლების მიერ გერმანიაში გამგზავრებამდე - თბილისის
საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის სახით დაკავებულ იქნა გიორგი
მამალაძე, ხოლო მისი ბარგის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა ფარულად შენახული
შხამიანი ნივთიერება -"ნატრიუმის ციანიდი", - განაცხადა ირაკლი
შოთაძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზ გიორგი მამალაძის საცხოვრებელი
ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა კუსტარული წესით დამზადებული უნომრო
ცეცხლსასროლი იარაღი და 6 ცალი საბრძოლო ვაზნა.
გამოძიების ამ ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მთავარი
პროკურატურა მუშაობს რამდენიმე ვერსიაზე და ყველა მიმართულებით
ინტენსიურად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა
ირაკლი შოთაძემ.
მისივე თქმით, 2017 წლის 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის
შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით
გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.