დღეს ნათლისღებაა
მართლმადიდებლური სამყარო 19 იანვარს ნათლისღების ბრწყინვალე
დღესასწაულს აღნიშნავს.
ნათლისღება ერთ-ერთი უმთავრესი ქრისტიანული დღესასწაულია. სახარების
თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლსიმცემელმა მდინარე იორდანეში მონათლა
იესო ქრისტე. წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ
მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ
წყლით განებანა კაცთა ცოდვები, "წყლის ბუნება” გაენათლებინა და
კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა. ნათლისღებით
ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. ქრისტემ წყლით და
სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.
ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს
განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს.
ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის
პატივს იღებს, მისი სულიერი ძალები ახლდება.
ნათლისღების დღესასწაულზე და მის წინა დღეს ყველა მართლმადიდებლურ
ტაძარში სრულდება წყალკურთხევა დიდი აიაზმის წესით და ნაკურთხი წყალი
ურიგდებათ მორწმუნეებს. ამ წყალს უფლის მიერ კურთხეული იორდანის მადლი
ეძლევა და, ჩვეულებრივი წყლისგან განსხვავებით, არ იხრწნება. ის
შეგიძლიათ მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ და განსაცდელისა და
ავადმყოფობის დროს მიიღოთ.