ვემიჯნები ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ვგმობ ძალადობას – ადიგენის საკრებულოს აპარატის უფროსი
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
აპარატის უფროსი, მიხეილ ბუცხრიკიძე სოციალურ ქსელში განცხადებას
ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ემიჯნება "ქართული ოცნების"
გადაწყვეტილებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით,
ასევე გმობს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით
დარბევას. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსის,
მიხელ ბუცხრიკიძის განცხადებით, მისი პროტესტი ხელისუფლების მიერ ბოლო
პერიოდში გადადგმულმა ნაბიჯებმა გამოიწვია.
"მე როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული პირი, ადიგენის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი, ცალსახად ვემიჯნები 28
ნოემბერს გაკეთებულ განცხადებას და ვგმობ საქართველოს მოქალაქეების
მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ფორმით დარბევას.
მიმაჩნია,რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე,
სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში გაწევრიანება, რამეთუ ეს არა მხოლოდ ჩვენი სურვილია,
არამედ ჩვენი წინაპრების საუკუნოვან მისწრაფებას წარმოადგენს. ევროპა
ჩვენი ქვეყნის ისტორიული გზაა. ამასთან ერთად ჩვენი ქვეყნის
განვითარებისთვის და უსაფრთხოებისთვის ერთადერთი და მნიშვნელოვანი გზა
არის.
ასევე ერთგული ვრჩები საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის
მიმართ,სადაც მკაფიოდ არის ჩანაწერი, რომ ჩვენი ქვეყნის ადგილი და
მომავალი მხოლოდ ევროპაშია და ამ გზაზე ,ჩვენ საქართველოს
მოქალაქეებმა ყველა ძალისხმევას უნდა მივმართოდ, რომ აღსრულდეს ნება
ქართველი ერისა.
წინ ევროპისაკენ!", – დაწერა სოციალურ ქსელში მიხელ
ბუცხრიკიძე.
მისი თქმით, კანონში ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ მიიღო, რომ
მაქსიმალურად აკონტროლოს საჯარო მოხელეები.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია საჯარო სამსახურის გაძლიერება და
დაფასება. ყველაფერს ხაზი გადაუსვეს. აქ და სხვაგანაც საჯარო
მოხელეები ქმნიან ამინდს. ქვეყანაში პროცესი რაც ხდება, ზუსტად შუა და
დაბალი რგოლის საჯარო მოხელეების ხელით ხდება, ანუ სამუშაო პროცესი.
პროფესიონალისზმის ასე გაუფასურება და მათი უფლებების მაქსიმალურად
დაუცველობა კატასტროფას გამოიწვევს ქვეყანაში. ვრჩები სამსახურში
ჯერჯერობით. ახალი კანონით მეც მემუქრება და სხვა საჯარო მოხელეებსაც
შუა რგოლოს და ქვედა რგოლს. ჩვენი გათავისუფლება პარტიულ ინტერესზე
იქნება დამოკიდებული და არა პროფესიონალიზმზე“, – ამბობს
მიხელ ბუცხრიკიძე.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი იყო, პარტიის დაარსების
დღიდან, თუმცა ახლა მათ რიგებში აღარ არის. მიხეილ ბუცხრიკიძე უკვე
ათი წელია ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, აპარატის უფროსის
პოზიციაზე მუშაობს.