"გადავდივართ ახალ ეტაპზე", "დავსახეთ შეტევის სტრატეგია" - პრეზიდენტი ახალი არჩევნების შესახებ
“გადავდივართ ყველანი ერთად ახალ
ეტაპზე იმ ძირითადი მოთხოვნისა - რასაც ჰქვია ახალი არჩევნების
დანიშვნა“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სასახლეში
გამართულ ბრიფინგზე, რომელიც ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო
სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას მოჰყვა.
„ამ პირობებში არ შეიძლება, რომ იყოს სხვა პოლიტიკური გამოსავალი,
სხვა ნამდვილი გამოსავალი ამ კრიზისიდან, თუ არა არჩევნების
დანიშვნა... არ არსებობს ისტორიაში თუ პოლიტიკურ პროცესებში სხვა
ვარიანტი, რომ გამოხვიდე კრიზისიდან, როცა ნდობა არ არსებობს
არჩევნების, როცა ნდობა არ არსებობს ხელისუფლების, როცა ხელისუფლება
გადასულია ტყუილებზე იმისთვის, რომ თავისი ადგილი გაამყაროს, ეს
ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია“, - განაცხადა სალომე
ზურაბიშვილმა, რომელმაც მანამდე ილაპარაკა OSCE/ODHIR-ის მიერ 20
დეკემბერს გამოქვეყნებულ დასკვნაზე საპარლამენტო არჩევნებთან
დაკავშირებით.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დასკვნა "სერიოზულია" და "ასახავს ყველა
იმ დარღვევებს, იმ გაყალბების ფორმებს, რაც ჩვენ აღვნიშნეთ ყველამ
მანამდე" და "ამას ადასტურებს ფორმალურად თავის დასკვნაში
[OSCE/ODHIR] და ეს ძალიან მნიშვნელოვანია თავისთავად".
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი. 21 დეკემბერი, 2024
სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგი. 21 დეკემბერი, 2024
პრეზიდენტის თქმით, უკვე დასახულია "შეტევის სტრატეგია ყველა
მიმართულებით“, რაც გულისხმობს აქტიურ მუშაობას როგორც საგარეო
სარბიელზე, ასევე საქართველოში - სამართლებრივი კუთხითაც, რათა
არჩევნების უცბად დანიშვნის შემთხვევაში, ყველა მზად იყოს ახალი
არჩევნებისთვის.
„ჩვენ მივდივართ მოკლე გზაზე, ეს არის სიახლე ამ ეუთოს დასკვნის
შემდეგ, რომ აქ დიდი დრო აღარ არის. დიდი დრო მით უმეტეს არ არის,
რადგან თვითონ „ქართული ოცნება“ გადასულია, ძალიან აჩქარებული ტემპით
ახალი კანონების მიღებას ცდილობს, რომ ძალიან ჩქარა გადაგვიყვანოს
ტოტალურად რუსულ რეჟიმზე. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ უნდა
ყველანაირი ზეწოლა გამოვიყენოთ“, - სალომე ზურაბიშვილმა ასევე
განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ახალი არჩევნების დანიშვნის
გადაწყვეტილება სისტემის ჩამოშლამდე უნდა მიიღოს.
„გარედან ძალიან ბევრი იქნება მზად, რომ ჩამოვიდეს და მასზე ზეწოლა
განახორციელოს... მე პირადად მზად ვარ, რომ როცა უნდა, შევხვდე“, -
თქვა პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილზე.
სალომე ზურაბიშვილს დაგეგმილი აქვს, რომ პირადად მიმართოს
მომიტინგეებს 22 დეკემბერს, 21:00 საათზე, რუსთაველის
გამზირზე.