სამცხე-ჯავახეთში უკანონოდ ტყით სარგებლობის ფაქტები გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
ინფორმაციით, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, 2024
წლის 01 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, უკანონო ტყითსარგებლობის 187
ფაქტი გამოავლინეს. მათ შორის 135 ხე-ტყის უკანონო
მოპოვება-ტრანსპორტირებას ეხება, 52 კი, სახერხი საამქროების მიერ
ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისა და უკანონო სახერხი საამქროების
ფაქტებია.
სამართალდარღვევებიდან 13 ფაქტი
სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
უკანონო ტყითსარგებლობის ყველაზე მეტი - 53 ფაქტი გამოვლენილია
კახეთში. სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 34 სამართალდარღვევა,
სამეგრელო-ზემო სვანეთში - 31, იმერეთში - 24, აჭარაში - 15,
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში - 10, ქვემო ქართლში - 8, შიდა ქართლში -
5, გურიაში - 4, მცხეთა-მთიანეთში კი - 3.
ჯამში ამოღებულია 284 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის უკანონოდ
მოპოვებული ხე-ტყე. ამავე პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, დალუქულია 2
ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
როგორც უწყებაში ამბობენ, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით,
შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. მიმდინარე წლის იანვარი-ნოემბრის
პერიოდში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო
ტყითსარგებლობის 2000 ფაქტი გამოავლინეს. დალუქულია 92 უკანონო
სახერხი საამქრო.