გიორგი გაბუნია: ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა, დახუროს "მთავარი არხი"
გიორგი გაბუნიას ინფორმაციით,
"მთავარი არხის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ზაზა ოქუაშვილმა არხის
დახურვა გადაწყვიტა. ამის შესახებ მან ტელეკომპანიაში გამართულ
ბრიფინგზე ისაუბრა, რასაც არხის ჟურნალისტები და წამყვანებიც
ესწრებოდნენ.
გაბუნიას თქმით, ზაზა ოქუაშვილის გადაწყვეტილებით და არხის დირექტორის
ქმედებებით, კომპანია უკვე დარჩა ფინანსური წყაროების გარეშე და ნელ
ნელა წყდება გაფორმებული კონტრაქტებიც, "რაც ზუსტად ის არის რაც
ბიძინა ივანიშვილს სჭირდება".
"იმ დროს, როცა ქართველი ხალხი ქუჩაში იბრძვის არალეგიტიმური
ხელისუფლების მოსაცილებლად, როდესაც მომიტინგეებზე ღიად ძალადობენ,
სასტიკად აწამებენ, უკანონოდ აკავებენ, ასამართლებენ, ამ მოვლენების
წინა ხაზზე მდგარი ჟურნალისტები მიზანმიმართული ფიზიკური თავდასხმის
სამიზნეები არიან, აი ამ დროს მთავარი არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა
გადაწყვიტა, ფაქტობრივად თვითონაც ჩაერთოს ქართული ოცნებისგან
წამოწყებულ მასობრივ ძალადობაში და მის ხელთ არსებული საშუალებებით
თავადაც იძალადოს ჩვენს ჟურნალისტებზე რათა მათი მუშაობა შეუძლებელი
გახადოს.
ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა გააკეთოს ის რაც რეს ბიძინა ივანიშვილს
ძალიან სჭირდება - ზაზა ოქუაშვილმა გადაწყვიტა დახუროს მთავარი არხი.
ეს ძალიან მტკივნეულია და ამას ოქუაშვილი აკეთებს რამდენიმე თვის წინ
მისი დანიშნული დირექტორის და მისი დავალებების მორჩილი შემსრულებლის,
გოგი ქურდაძის ხელით. ქურდაძე სპეციალურად დაინიშნა ოქუაშვილის
წარდგინებით ერთადერთი ამოცანით, რომ ხსენებულ დამფუძნებელს ჰქონოდა
ბერკეტი პირადი მიზნების მისაღწევად. სხვა მხრივ გოგი ქურდაძეს არ
გააჩნია ტელევიზიის სპეციფიკასთან დაკავშირებული არანაირი
კომპეტენცია. არც კი იცნობს არხის თანამშრომლებს, აიგნორებს მათ
თხოვნას რომ შეხვდეს და საერთოდ არც კი დადის სამსახურში. ერთადერთი,
რასაც გოგი ქურდაძე აკეთებს, ბლოკავს ყველა ფინანსურ ოპერაციას და
უარს ამბობს კომპანიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი კონტრაქტების
გაფორმებაზე, მაგალითად ჩვენს თანამშრომლებს მისი წყალობით შეუჩერდათ
ჯანმრთელობის დაზღვევა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ
ვითარებაში, როდესაც ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე სისტემატური
ძალადობა მიმდინარეობს", - თქვა გიორგი გაბუნიამ ბრიფინგზე.