შსს-ს მომსახურების სააგენტო გარკვეული სერვისების საფასურის ოდენობას ზრდის
შსს-ს მომსახურების სააგენტოს მიერ
ცალკეული სერვისების საფასურის ოდენობა იზრდება. რიგ მომსახურებაზე
საფასურის ახლებურად განსაზღვრას „საჯარო სამართლის იურიდიული პირის -
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“
კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი
დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონის პროექტით, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის
განკუთვნილი ერთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული
სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო
შემოწმების საფასური განისაზღვრება 100 ლარით, ნაცვლად 30 ლარისა.
ასევე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ტერიტორიის ფარგლების გარეთ
ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული
სატრანსპორტო საშუალების ან ერთი ერთეული სასოფლო-სამეურნეო მანქანის
დამხმარე ტექნიკური საშუალების საექსპერტო შემოწმების საფასური
შესაბამისი აქტის შედგენით განისაზღვრება 130 ლარით, ნაცვლად 60
ლარისა.
გარდა ამისა, ექსპორტის პროცედურისთვის/რეექსპორტისთვის განკუთვნილ
სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის შევსება ან აღრიცხვის
მოწმობის გამოწერა ან/და სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან
დაკავშირებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისთვის და შინაგან
საქმეთა სამინისტროსთვის მიწოდების ან/და შესაბამის მონაცემთა
ავტომატიზებულ ბაზაში ასახვის საფასური იქნება 130 ლარი, ნაცვლად 50
ლარისა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ
შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და გურამ მაჭარაშვილი.