ირაკლი კობახიძე - "20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას"
ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ
სინამდვილეში, ხელისუფლებას არავითარი ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია.
პირიქით, ჩვენ ვართ მაქსიმალურად ორიენტირებული შესაბამისი
ვალდებულებების შესრულებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განცხადებით,
აქციის მონაწილეებს რეალურად არაფერი აქვთ მოსათხოვნი.
„კიდევ ერთხელ შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 4 წელიწადში, 2028 წლისთვის
ჩვენ ასოცირების დღის წესრიგიდან და თავისუფალი ვაჭრობის
შეთანხმებიდან გამომდინარე, ვალდებულებების 90%-ზე მეტი გვექნება
შესრულებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი
მაქსიმალურად ინტენსიურად გაგრძელდება და ეს კარგად გაიგო
საზოგადოებამ, მათ შორის დარწმუნებული ვარ, ძალიან კარად გაიგეს ეს
ყველაფერი პროტესტის შესაბამისმა მონაწილეებმაც. აქედან გამომდინარე,
შესაბამისი მოთხოვნა მათი მხრიდან დღის წესრიგში ვეღარ დგება იქიდან
გამომდინარე, რომ არაფერია რეალურად მოსათხოვნი. მეორე პოტენციური
მოთხოვნა, რაც მათ შეიძლება გულში ედოთ, ეს არის რიგგარეშე არჩევნების
დანიშვნის მოთხოვნა, თუმცა, ამ მოთხოვნის დაყენებას ისინი საჯაროდ ვერ
ბედავენ ერთი, მარტივი მიზეზის გამო - როგორც კი ამ მოთხოვნას
დააყენებენ, მაშინვე გაიშიფრება, რომ მათ აქვთ თავიდან ბოლომდე
პარტიული დღის წესრიგი. საქართველოში მაინც და მაინც პოპულარული არ
არის საკუთარი თავის მიკუთვნება ამ ოთხიდან რომელიმე პარტიისადმი.
ყველამ იცის, რომ ეს არის ერთი კოლექტიური პარტია, „კოლექტიური
ნაცმოძრაობა“, რომელიც შედგება 4 პარტიისგან: სააკაშვილის, გვარამიას,
ხაზარაძის და გახარიას პარტიებისგან. არავის უნდა მისი ასოცირება
რომელიმე ამ პარტიასთან. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში ვერ
აყენებენ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნას. შესაბამისად,
რჩება უშინაარსო მიტინგები. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც
საბოლოოდ, ამ ადამიანებს უჭირთ რაიმე სერიოზული რესურსისთვის თავის
მოყრა. ერთ-ერთ მათ ლიდერს წამოსცდა, რომ უნდა მოასწრონ 20 იანვრამდე,
საუბარია ხელისუფლების შეცვლაზე. 20 იანვარი ამ ადამიანებს ძალიან
აშინებთ. თუმცა, მათ მინდა დავპირდე, რომ ესენი უფრო მალე დაასრულებენ
საკუთარ მცდელობას, რომ რაიმე არეულობა შემოიტანონ ჩვენს ქვეყანაში.
20 იანვრის ეშინია მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ პირიქით,
ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, - განაცხადა კობახიძემ.