"ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში" - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
"ქალაქის ქუჩებში ნიღბიან,
ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება
მოქალაქეებზე, მით უმეტეს ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო
ცხოვრებაში", - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
სოციალურ ქსელში წერს, რითაც „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე
თავდასხმის ფაქტს ეხმიანება.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება
იმისათვის, რომ მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და მსგავსი შემთხვევის
განმეორება მომავალში სრულიად გამოირიცხოს.
„უკანასკნელ პერიოდში საზოგადოებაში ურთიერთ სიძულვილის ენამ
და დაუნდობელმა დაპირისპირებამ გადაფარა საღი აზრი და ერთობის
გრძნობა. ეს საერთო პრობლემად უნდა აღიქმებოდეს და ერთად ვფიქრობდეთ
ამის გამოსწორებაზე.
დღეს საღამოს ვიხილეთ ფიზიკური ანგარიშსწორების უმძიმესი კადრები,
რომელმაც მთელი საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.
მრავალი ვერსია ისმის მომხდარის შესახებ, თუმცა საბოლოოდ, რაც არ უნდა
გაირკვეს, ქალაქის ქუჩებში ნიღბიან, ამოუცნობ პირთა ჯგუფის მხრიდან
სასტიკი, ფიზიკური ანგარიშსწორება მოქალაქეებზე, მით უმეტეს
ჟურნალისტებზე, სახიფათო ნიშანია სამოქალაქო ცხოვრებაში.
თავისი სიმძიმით, ეს ფაქტი სცილდება პოლიტიკური შეხედულებების მიმართ
განსხვავებულობას, სრულიად აპოლიტიკური საზოგადოების შეშფოთებასაც
იწვევს და ზოგადად აჩენს დაუცველობის განცდას.
სახელმწიფოს ვალდებულებაა, შეძლოს ყველა ზომის მიღება, იმისათვის რომ
მოხდეს ფაქტის სწრაფი გამოძიება და სრულიად გამოირიცხოს მსგავსი
შემთხვევის განმეორება მომავალში.
ვფიქრობ, ჩვენ, საზოგადოებას გვმართებს, მეტი მოთმინება
ერთმანეთისადმი, თითოეულმა უნდა ვიზრუნოთ დაძაბულობის ჩაცხრობაზე, ნუ
წავაქეზებთ ჩვენს შვილებს ერთმანეთის წინააღმდეგ. სიძულვილით ნათქვამი
ყოველი სიტყვა, ჩვენს გარემოშივე ითესება და უკანვე გვიბრუნდება ამა
თუ იმ სახით.
იესო ქრისტე გვასწავლის ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვას. ღვარძლს ნუ
დავთესავთ, თორემ ამასვე მოვიმკით.
ჩემი თაობა შიშით ვუყურებთ წარსულს და გვახსოვს დედაქალაქში
სამოქალაქო ომის დღეები, ოჯახების დაყოფა, ძმების დაპირისპირება,
რომლის შედეგებიც წლების განმავლობაში არ განელებულა. დღეს
ურთიერთგაუტანლობა საზოგადოებაში იმაზე ნაკლები არაა. რაღაცამ უნდა
დაგვაფიქროს, ვიკმაროთ ამ მიმართულებით სვლა.
დღეს ზედმეტია თავის მართლების და რადიკალური პოზიციის დაკავება. რაც
არ უნდა სხვაობა იყოს შეხედულებებში. როგორ ვართ მართალები, თუ
ერთმანეთისადმი გამოქვაბულის სიძულვილი გვიპყრობს?
პასუხისმგებლიანი საზოგადოება ერთმანეთზე ზრუნვის ნიშნებს არ უნდა
კარგავდეს.
ღმერთმა ინებოს მშვიდობა ჩვენს საზოგადოებაში, ჩვენს ქვეყანაში,
სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს“, - წერს ჯაღმაიძე.