სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მოთხოვნით აქციებზე ნაცემმა 319-მა პირმა მიმართა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის
ინფორმაციით, ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე სამართალდამცავების მიერ
სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებისა და
ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლის ფაქტებზე 319
განცხადებაა შესული.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
უწყება ირწმუნება, რომ გამოძიება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
„სამსახურმა, ცხელი ხაზის მეშვეობით, ასევე სახალხო დამცველის
აპარატიდან, მედიაომბუდსმენიდან და დროებითი მოთავსების
იზოლატორებიდან 319 პირის უფლებების დარღვევის თაობაზე მიიღო
შეტყობინება, რომელთა შორისაც არიან, როგორც აქციის მონაწილეები,
ასევე მედიის წარმომადგენლები.
სამსახური მუდმივ რეჟიმში განაგრძობს შეტყობინებების მიღებას. თითოეულ
შეტყობინებაზე, სამსახურის არსებული რესურსის მაქსიმალური გამოყენებით
ხდება სწრაფი სამართლებრივი რეაგირება“.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიების
დაწყებიდან დღემდე, საგამოძიებო ორგანოში, დროებითი მოთავსების
იზოლატორებსა და სამედიცინო კლინიკებში გამოკითხულია 140 პირი (მათ
შორის 5 ჟურნალისტი), 42 მოქალაქეს ჩაუტარდა სამედიცინო
ექსპერტიზა.
„მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, სხვადასხვა ლოკაციებზე
დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც იდენტიფიცირებული იქნა
გამოძიებისათვის საინტერესო სამეთვალყურეო ვიდეოკამერები. უწყვეტ
რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო ინტერნეტ-სივრცეში არსებული ასეულობით
საათის ხანგრძლივობის სატელევიზიო გადაცემების ჩანაწერების
შესწავლა/ანალიზი.
შემთხვევის ადგილებზე განთავსებული კერძო და საჯარო ობიექტებიდან
დაწყებულია ვიდეომასალის გამოთხოვის პროცესი. ვიდეომასალის გამოთხოვა,
ასევე, მიმდინარეობს სხვადასხვა ტელეკომპანიებიდან“, - წერია
განცხადებაში.