საზოგადოება
აცრის შიში




აცრის ბავშვობიდან კატასტროფულად მეშინოდა, არ ვიცი ეს ზოგადად ნემსის ჩხვლეტის უსიამოვნო შეგრძნების გამოა,
თუ მიზეზი სხვაგან უნდა ვეძებო, მაგრამ ახლა მთავარი ეს არ არის, მთავარია, რომ წლების განმავლობაში გავაცნობიერე, იმუნიზაციის მნიშვნელობა და მისი სასიცოცხლო საჭიროება. მოკლედ ამ სტატიაში საკუთარ თავზე უნდა მოგიყვეთ. რა გავიგე, რა ვისწავლე, რა დავიჯერე და მერე როგორც ჟურნალისტმა, რა გავაკეთე სხვებისთვის ინფორმაციის გასაზიარებლად. მე ეკატერინა ნოზაძე ვარ, ტელეკომპანია „ბორჯომის“ ჟურნალისტი.

ბავშვობიდან დავიწყებ, მახსოვს როგორი პანიკა იყო სკოლაში „აცრის დღეს“, გაგვაფრთხილებდნენ დღეს აცრა ტარდება და ექიმის კაბინეტში უნდა შემოხვიდეთ გაკვეთილების შემდეგო (მაშინ რატომღაც სკოლაში მიმდინარეობდა იმუნიზაციის პროცესი) და იფანტებოდა კლასი, ჩნდებოდა ათასი „მიზეზი“ აცრისგან თავის დასახსნელად.

ისიც კარგად მახსოვს, როგორ ინიშნავდა პატარა კალენდარზე დედა, ჩემი და ჩემი ძმის ყველა აცრას და ბავშვობიდან დღემდე არცერთი სავალდებულო „ნემსის ჩხვლეტა“ არ „ჩაგვიგდია“. ისე გავიზარდე არცერთი ინფექციური დაავადება არ გამრთულებია.

როგორც დედა ინიშნავდა ჩემს ბავშვობაში, წლების შემდეგ ანალოგიურად დავიწყე ჩემი შვილის იმუნიზაციის კალენდრის კონტროლი, რა თქმა უნდა პედიატრის რეკომენდაციების გათვალისწინებით. ახლა ინფორმაციაც მეტი მქონდა და ამ პროცესს გაცნობიერებულად გავდიოდი. აქაც არც ერთი გამოტოვებული აცრა. ჩემი შვილის შემთხვევაშიც არცერთი გართულებული ინფექციური დაავადება.

ალბათ ყველამ იცით, რომ არსებობს ბავშვთა რუტინული იმუნიზაციის კალენდარი, რომლითაც განსაზღვრულია, როდის უნდა გაიკეთოს ბავშვმა რეკომენდებული ვაქცინები.

რუტინული იმუნიზაციის კალენდარი ისეა შედგენილი რომ დადგენილი ვადების დაცვით, ბავშვის დაავადების რისკი მცირდება.



ფოტო - ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდი


აქვე გიზიარებთ გადაცემას, რომელიც ბავშვთა რუტინულ იმუნიზაციაზე მოვამზადე, მეტ ინფორმაციას ამ თემაზე ვიდეოდან მიიღებთ.




ჩემთვის კარგად დავიწყებული ვაქცინაციის თემა, რამდენიმე წლის წინ ისევ გააქტიურდა, ამჯერად კორონავირუსის პანდემიად გამოცხადებული საფრთხე გაცილებით საშიში და რაც მთავარია ყველასთვის ახალი და მოულოდნელი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სხვების მსგავსად უამრავი კითხვის ნიშანი, სკეპტიკური დამოკიდებულება და სტრესული მდგომარეობა მქონდა, ერთ- ერთმა პირველმა გადავწყვიტე ვაქცინის გაკეთება. ამ გადაწყვეტილებაზე ალბათ იმანაც იმოქმედა, რომ მეტად მიმიწვდებოდა ხელი ინფორმაციაზე და  ჯანდაცვის იმ სპეციალისტებზე, ვინც პანდემიის პირველივე დღიდან პროცესში ჩაერთო, იკვლევდა, კითხულობდა აანალიზებდა და შემდეგ მედიის დახმარებით საზოგადოებას უზიარებდა ინფორმაციას ახლადშექმნილი ვაქცინების შესახებ.

ვფიქრობ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება იყო ჩემი ყველაზე გაცნობიერებული არჩევანი. ჯერ მე ავიცერი, შემდეგ ოჯახის წევრები და ბოლოს ძალიან “ალერგიული” დედა ავცერი. ალბათ გაინტერესებთ გადავიტანე თუ არა ვირუსი? - კი ინფიცირებულების მზარდ არმიას მე, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ შევუერთდი. არც მარტივი კლინიკური მდგომარეობა მქონია, რამდენიმე რთული დღე გამოვიარე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჰოსპიტალიზაციაც კი არ დამჭირდა, არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრებს. ორი აცრის შემდეგ არც ე.წ ბ უსტერ დოზაზე მითქვამს უარი.

ვაქცინებს მსოფლიოს მასშტაბით გადარჩენილი ჰყავს მილიონობით ადამიანი, ალბათ ვაქცინაცია არ შეედრება არცერთ სამედიცინო ბიოლოგიურ ღონისძიებას თავისი ეფექტით. თუმცა ანტივაქსერული განწყობები ყოველთვის იყო და ამჟამადაც არის. კოვიდის ვაქცინის მიმართ არსებულმა ნეგატიურმა დამოკიდებულებამ, ზოგადად ვაქცინების მიმართ ნდობა შეამცირა.“ - ვაქცინაციის გადამწყვეტ როლს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩემთან საუბრისას ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი.

ვაქცინაციამ გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის დროს, შემცირდა ვირუსის გავრცელება, შენარჩუნდა რისკის ჯგუფების ჯანმრთელობა და, რაც ყველაზე მთავარია, შესაძლებელი გახადა პანდემიის მართვის და გავრცელების კონტროლი. ამიტომ ვაქცინაცია არ იყო მხოლოდ ინდივიდუალური გადაწყვეტილება, არამედ ეს იყო საზოგადოების სოლიდარობა, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად.


2023 წლის მონაცემებით, ვაქცინაციის სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 70%-ზე მეტმა გაიკეთა მინიმუმ ერთი დოზა ვაქცინა.

  • სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 60%-ზე მეტი. სრულად ვაქცინირებულად ითვლება პირი, ვინც ვაქცინის ყველა საწირო დოზასთან ერთად, გაიკეთა ბუსტერიც.

ახლა საქართველოში კიდევ ერთი გამოწვევა ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესია.

„პაპილომავირუსის ვაქცინა, ეს არის ვაქცინა კიბოს წინააღმდეგ. ეს ვაქცინა, ქალებში ყველაზე მაღალი სიკვდილობის, საშვილოსნოს ყელის კიბოსგან გვიცავს. იმ ქვეყნებში სადაც დიდი ხანია ეს ვაქცინაცია მიმდინარეობს, მკვეთრად არის შემცირებული საშვილოსნოს ყელის კიბოს გავრცელება. ჩვენთან არის მითები, რომ ვაქცინა იწვევს უშვილობას, რაც აბსოლიტურად უსაფუძვლოა და უამრავ კვლევას აქვს დადასტურებული, რომ მსგავსი არაფერია. ეს არის ერთ- ერთი ყველაზე უსაფრთხო ვაქცინა და მშობლებმა არ უნდა შეიკავონ თავი, შვილების აცრისგან“ - ამბობს მაია ბუწაშვილი.




პაპილომავირუსის საწინააღმდეგო აცრა ტარდება 10-11-12 წლის გოგონების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი.

15 წლამდე ასაკის გოგონების აპვ ვაქცინაციის კურსი არის ორ დოზიანი. მინიმალური ინტერვალი დოზებს შორის არის 6 თვე.

15 წლის და უფროსი ასაკის გოგონებში ვაქცინაციის კურსი არის 3 დოზიანი (0,2 და 6 თვე). პირველ და მეორე დოზას შორის მინიმალური ინტერვალი შესაძლებელია იყოს 1 თვე, ხოლო მეორე და მესამე დოზას შორის 3 თვე. - ეს და კიდევ არაერთი მნიშცნელოვანი ინფორმაციაა განთავსებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებ. გვერდზე.

საქართველოს ეროვნული პროგრამის თანახმად, ვაქცინაცია 10-დან 26 წლამდე გოგონებისა და ქალებისთვის ასევე 10-12 წლის ასაკის ბიჭებისთვის უფასოა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება 27-45 წლის ასაკის ადამიანებსაც შეუძლიათ, ამ შემთხვევაში ვაქცინაცია ტარდება ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე.

მოკლედ აცრის აღარ მეშინი, ნემსის ჩხვლეტას ვუძლებ, რაც მთავარია ვიცი, რომ აცრა მიცავს და საყოველთაო იმუნიზაციის პროცესში ჩართვა ჩემი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. ხო მართლა, მომავალ კვირაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანა მაქვს გასაკეთებელი.



აქვე გიზიარებთ მნიშვნელოვან ბმულებს, მეტი ინფორმაციის მისაღებად:

პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის მობილური აპლიკაციის შესახებ ინფორმაცია https://ncdc.ge/api/api/File/GetFile/f318696d-578c-450a-94b4-90154005c4e2

ყველაფერი იმუნიზაციის შესახებ https://www.ncdc.ge/#/pages/content/e89ea10a-8c6a-410c-8321-7e9a793e3c58

რა არის ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ)? https://test.ncdc.ge/Pages/User/LetterContent.aspx?ID=3b1af24e-d777-4042-80e5-bf2247f26052



Print E-mail
FaceBook Twitter
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.