საზოგადოება
რუსული ონლაინ გაყიდვების კომპანია Wildberries საქართველოს ბაზარზე შევიდა - Interfax
რუსული სამთავრობო მედია Interfax-ი
წერს, რომ Wildberries & Russ-ი საქართველოს ბაზარზე შევიდა.
Interfax-ის თანახმად, გაყიდვებს რუსული პლატფორმა Wildberries-ის
ოფიციალური პარტნიორი, ქართული ფრენჩაიზ კომპანია
ახორციელებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ქართველ მომხმარებელს ექნება წვდომა
პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე, რომელიც მოიცავს 8 მილიონზე მეტ
პროდუქტს სხვადასხვა კატეგორიებში: ტანსაცმელი, სილამაზისა და
ჯანმრთელობის პროდუქტები, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სახლის მოვლის
საშუალებები და სხვა.
ცნობისთვის, Wildberries & Russ, რომელიც Wildberries-ისა და გარე
რეკლამის ოპერატორი Russ-ის შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა, ამჟამად
მუშაობს: რუსეთში, სომხეთში, ბელორუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთში,
უზბეკეთში, ჩინეთში და უკვე საქართველოშიც.
აღსანიშნავია, რომ უკვე გაეშვა რუსული კომპანიის ქართულენოვანი
ვებგვერდი, რომელზეც მოქმედი ფილიალის მისამართად ფალიაშვილის 54
ნომერია მითითებული.
რაც შეეხება კომპანიას, Wildberries, რომელიც უკრაინის და პოლონეთის
მიერაა სანქცირებული, რუსეთში 2004 წელს, ცოლ-ქმარმა ვლადისლავ და
ტატიანა ბაკალჩუკებმა შექმნეს. მიმდინარე წელს კომპანიამ სისხლიანი
დაპირისპირებით მიიქცია ყურადღება. კერძოდ, კონფლიქტის შესახებ
ზაფხულში გახდა ცნობილი, შერწყმის გამოცხადების შემდეგ, ტატიანა
ბაკალჩუკმა, რომელიც Wildberries-ის 99%-ს ფლობდა, განქორწინება
მოითხოვა. ივლისში მომხარი განქორწინების შემდეგ ტატიანა და ვლადისლავ
ბალჩუქებს შორის დაძაბულობა გაიზარდა. ვლადისლავმა, რომლის თქმითაც
Russ Group-ის მიერ "კომპანიის შთანთქმა" მიმდინარეობს, დასახმარებლად
ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მიმართა. მედიის თანახმად,
Wildberries-ისა და Russ-ის შერწყმის შეთანხმება პირადად დაამტკიცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. 18 სექტემბერს Wildberries-ის
ოფისში სროლა მოხდა, როდესაც ვლადისლავ ბაკალჩუკმა დაცვის თანხლებით,
შენობაში შესვლა სცადა. შედეგად, დაიღუპა დაცვის ორი თანამშრომელი.
სროლასთან დაკავშირებით 30 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ვლადისლავ
ბაკალჩუკი, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს. 10 ოქტომბერს, რამზან
კადიროვმა დაღესტნელი სენატორი სულეიმან ქერიმოვი და სახელმწიფო დუმის
ორი დეპუტატი, ბეკხან ნარახოევი და რიზვან ყურბანოვი მისი მკვლელობის
მცდელობაში დაადანაშაულა და სისხლის აღებით დაემუქრა. ამასთან,
კადიროვის თანახმად, სწორედ ისინი არიან დამნაშავე 18 სექტემბერს
Wildberries-სთან მომხდარ სროლაში.
წყარო:https://bm.ge/
გააზიარეთ :