საზოგადოება
"ხელებით წევდნენ მანქანას და ცდილობდნენ ტრასაზე ამოყვანას", "ბორჯომელები ვართო გმირებმა" - რას წერს სოციალურ ქსელში ნინო ხუციშვილი
ინტერნეტმომხმარებელი ნინო ხუციშვილი სოციალურ ქსელში მგზავრობის დროს მომხდარ ამბავზე წერს. მისი თქმით, მგზავრობისას მანქანის საბურავი გასკდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. მადლიერებას გამოხატავს იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც იმ დროს დახმარება აღმოუჩინეს. განსაკუთრებულად კი 5 ბიჭზე საუბრობს, რომლებიც როგორც გაირკვა ბორჯომელები იყვნენ. სოციალურ ქსელში, ნინო ხუციშვილის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.


"საღამო მშვიდობისა მეგობრებო! ამბავი მაქვს...

დღეს დილით,ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად კახეთში მივდიოდი. საშინლად წვიმდა... სადღაც იგოეთამდე წინა მარცხენა საბურავი გასკდა და მანქანამ მართვა დაკარგა... საშინლად მოსრიალდა, დატრიალდა, გადავიდა მარცხენა სავალ ნაწილზე და ასე მოტრიალებული წვიმის წყლისათვის განკუთვნილ თხრილში ჩავარდა (შეიძლებოდა გზის მარჯვნივ ხევშიც მოვხვედრილიყავით) და ბეტონის კედელმა გაგვაჩერა პირით გორისკენ.

ბედად არცერთი მანქანა არ მოგვდევდა უკან...არავინ დაგვიზარალებია... (ჩვენი მანქანაც გასაოცრად უმნიშვნელოდ დაზიანდა). ერთი წამიც არ დაგვჭირდა სიმშვიდისთვის, რომელიც შეიძლება ითქვას არც დაგვიკარგავს,მაგრამ მთავარი ეს არაა.

უმთვრესია ის, რომ ამ თავსხმაში გაჩერდა ყველა, ყველა გამვლელი მანქანა და გვთავაზობდნენ დახმარებას. აი აქ უკვე სიხარულის საოცარი განცდა ჩაგვერთო... გადმოდიოდნენ მანქანებიდან და არ გვტოვებდნენ. 

ახალგაზრდებში ყველაზე მეტად ხუთი ბიჭი აქტიურობდა. გვთხოვეს, უფრო სწორად მოგვთხოვეს ევაკუატორის გამოძახება გაგვეუქმებინა. ჩვენ მოგხედავთო და... იმ ხევიდან სადაც შეიძლებოდა ჩვენი მანქანა აღმოჩენილიყო საოცარი სისწრაფით ამოიტანეს დიდი ქვები, არა ლოდები და მანქანას დაულაგეს ისე რომ თხრილის ბორდიურიდან ამოსულიყო. (წვიმა ფარდად იყო). თან ხელებით წევდნენ მანქანას და ცდილობდნენ ტრასაზე ამოყვანას. ამოგვწიეს... გააჩერეს მოძრაობა, მოვტრიალდით და ისევ ცხვირით თბილისისკენ დაგვაყენეს. (წვიმა აშკარად ეჯიბრებოდა ბიჭებს). თუ გინახავთ ავტო-რალის დროს სამ წამში ფერარის საბურავებს რომ ცვლიან, აი ეგ ჩაუტარეს ჩვენ მანქანას. (წვიმა ასხავს) ახადეს "კაპოტი" გულდასმით შეამოწმეს და წადით ეხლაო გზა დაგვილოცეს.

ყველა გადავიდა მანქანიდან... მე ვერ შევძელი. ვინ ხართო ჰკითხა ჩემმა მამიდაშვილმა (თინიკო გვერდწითელი), ბორჯომელები ვართო გმირებმა...  კი ასეა!!!  ბორჯომელებო, თქვენ იმ წუთებში ყველა ქართველს ეხმარებოდით. თქვენთვის სულ ერთი იყო ვის უჭირდა... თქვენ ზოგადად ადამიანი გიყვარდათ და იმას ეხმარებოდით. დალოცვილები იყავით ოთხივ კუთხით!!! მუდამ "მწვანეზე" გევლოთ როგორც იტყვიან. როგორ გვინდოდა ყველას თქვენი გვარ-სახელები გეთქვათ. (დაგელოცოთ!) აფერუმ თქვენ მშობლებს და პაპა-დიდედებს ასეთებად გაზრდისთვის!!!

შეიძლება ძალიან არეულად ვწერ, მაგრამ მაპატიეთ, ძალიან ემოციური დღე გამოგვივიდა...
და კიდევ უდიდესი მადლობა ყველა მანქანის მძღოლს და მათ მგზავრებს! ყველა ჩერდებოდა და გადმოდიოდა, მაგრამ "ბორჯომმა" თავისი ქნა და ისინიც გვტოვებდნენ საიმედო ხელში. შეიძლება აქაც ხართ ბიჭებო და გაუთავებელი მადლობა თქვენ!

იცოდეთ რომ თქვენ წარმოუდგენელი დახმარება გაუწიეთ მანქანის მძღოლს, ალექსანდრე თურაზაშვილს, მის მეუღლეს - ნინოს, შვილს - მარიკას და ორ ქალბატონს, თინიკო გვერდწითელს და მაიკო მცურავიშვილს.

თქვენ არასოდეს გაგჭირვებოდეთ, მაგრამ თუ მაინც იქნა, თუნდაც მცირედი განსაცდელი, მაშინ თქვენნაირი ადამიანები მოგევლინოთ ანგელოზებად და შეგიმსუბუქონ ყოველი გადასატანი. გაიხარეთ და გაიხარეთ მრავალჟამიერ!!!"
- წერს ნინო ხუციშვილი.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.