საზოგადოება
მამა-შვილობა და მეგობრობა ერთად - სესილი და დავით მუმლაძეები სამცხე-ჯავახეთიდან
შაბათობით ბაზარში წასვლა, პროდუქტის
ყიდვა, კერძების მომზადება, ცომის მოზელა და ცხობა, ხანდახან ბუნებაში
გასეირნება, მწვადის შეწვა, ძაღლის გასეირნება, ცხენით ჯირითი - ეს
დავით მუმლაძის და მისი 12 წლის შვილის სესილის ტრადიციაა. აკეთებენ
იმას რაც ყველაზე მეტად მოსწონთ და აბედნიერებთ.
დავით მუმლაძე სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის
ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორია. თავისუფალ დროს, მამა-შვილი
დროს ერთმანეთს უთმობენ. როგორც დავითი გვიყვება, სესილის
დაბადებამდე, მშობლის პასუხისმგებლობა გააზრებული არ ჰქონდა. შვილის
შეძენამ კი მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა.
„დღესაც მახსოვს მისი დაბადება, 2012 წლის 14 აპრილი, დღის
4:15. ამ მომენტმა ჩემში სულ სხვა ემოციები გამოიწვა. სესილისთან
ერთად შეიძლება ითქვას მეც ხელახლა დავიბადე. ჩემი თავისუფალი დროიდან
გამომდინარე, აღზრდის პროცესში მაქსიმალურად ვიყავი ჩართული. როცა
დედამისი იმყოფებოდა ხოლმე მივლინებაში, ძალიან პატარა ასაკში
ვიტოვებდი და სრულიად უპრობლემოდ ვართმევდი თავს მის მოვლას,
როგორიცაა, დაბანა, გამოცვლა და კვება. სიმართლე გითხრათ, აღნიშნული
სიამოვნებასაც კი მანიჭებდა. შვილის ყოლამ გარკვეული ჩვევაც
შემაცვლევინა. მაგალითად, სესილის დაბადებამდე, ავტომანქანას
ვატარებდი ძალიან დიდი სისწრაფით. სესილის დაბადების შემდეგ,
მაქსიმალურად ვცდილობ ვაკონტროლო სიჩქარე, დავდივარ ყველა წესის
დაცვით, რათა გადავაადგილდეთ უსაფრთხოდ. უფრო მეტად გავაცნობიერე ჩემი
პასუხისმგებლობა. ვფიქრობ, შვილების აღზრდის პროცესში მამების
ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, როცა საქმე
ეხება გოგონებს, რადგან ისინი მამების მზრუნველობის ქვეშ თავს უფრო
დაცულად და უზრუნველად გრძნობენ“ - გვიყვება დავით
მუმლაძე.
დავითს ვთხოვეთ დაეხასიათებინა საკუთარი შვილი, გამოერჩია მისი
განსაკუთრებული და ასევე საერთო თვისება. სესილის მამა
გვპასუხობს.
„მშვიდია, თბილი, გაწონასწორებული და მზრუნველი. უყვარს
მეგობრებთან და ბავშვებთან ერთად დროის გატარება. უყვარს ცხოველები:
ძაღლები, კურდღლები და წიწილები. ახარებს მოგზაურობა. საერთო თვისებას
რაც შეეხება, არც ერთს არ გვიყვარს როცა ჩვენს პირად სივრცეს
არღვევენ, გვიყვარს სიმშიდე.
გამორჩევდი სესილის ერთ-ერთ თვისებას. არის ძალიან მზრუნველი.
გავიხსენებ ერთ შემთხვევას. რამდენიმე წლის წინ, თავად იქნებოდა 7-8
წლის, მაღაზიაში მთხოვა წაყვანა და დაახლოებით 20-30 ცალი ნაყინის
ყიდვა. გამიკვირდა, რადგან თავად ძალიან იშვიათად ჭამს ნაყინს.
ნაყინები დაურიგა უბანში ყველა პატარა ბავშვს. რამდენიმემ ვერ შეძლო
ეზოში ჩამოსვლა და მან სახლში მიაწოდა, რათა გაეხარებინა ისინი.
ძალიან გამეხარდა მისი ეს საქციელი“ - იხსენებს დავითი.
უნდა რომ სესილი იყოს განათლებული, თვითრეალიზებული, საზოგადოებაში
დამკვიდრებული, სამომავლოდ ჰქონდეს კარგი ოჯახი და მომავალი. ყველა
მამას ურჩევდა, შვილების მიმართ იყვნენ მეგობრულები, მოუსმინონ და
დაინტერესდნენ მათი ყოველდღიურობით, რათა ბავშვები არ ჩაიკეტონ
თავიანთ თავში და გახსნილები იყვნენ მშობლებთან ურთიერთობის დროს.
„ჩემი რჩევაა, მეტი დრო გაატარეთ შვილებთან, წაიყვანეთ
თქვენთან ერთად ყველგან, მთაში, ბუნებაში, თქვენს მეგობრებთან ერთადაც
კი, გააცანით თქვენი მეგობრების შვილები, რათა ჩამოყალიბდეს მეგობრული
ურთიერთობები და ჩვენს მაგალითზე ისწავლონ მეგობრებთან მოქცევა და
ერთმანეთის პატივისცემა.
მე ვფიქრობ, ისეთი მამა ვარ როგორიც უნდა ვყოფილიყავი სესილისთვის.
ხოლო თქვენს კითხვაზე, თუ როგორი ვარ თავად სესილისთვის, მისი პასუხი
იყო ერთი სიტყვა - „საუკეთესო“. ჩემს შემდეგ კითხვაზე, როგორი უნდა
რომ ვიყო, გამიბრაზდა და მითხრა, „აუ რა გინდა, როგორიც მყავს
მყოფნისო“. ხოლო შემდეგ გამცა პასუხი - „ჩემს წარმოდგენაში საუკეთესო
მამა, რომელიც ჩემთან ერთად მხიარული და ხუმარაა, მისრულებს ყველა
სურვილს და ერთად დროს საუკეთესოდ ვატარებთ“ - დავით
მუმლაძე.
გააზიარეთ :