ბაკურიანში სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა
"ბაკურიანში, ზვავში
მოყოლილი კაცის სამძებრო სამუშაოები დილის 7 საათიდან
განახლდა.
ძებნა ამ დრომდე გრძელდება.
პროცესში ჩართულია ცოცხალი ძალა. ვერტმფრენის საშუალებით კი ხდება
ჯგუფის ერთი ადგილიდან მეორე ადგილამდე გადაყვანა" -
აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას მერის წარმომადგენელი
ბაკურიანში ქეთევან ლონდარიძე.
სამძებრო ოპერაციაში განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი
სამმართველოს მაშველები და სამაშველო დრონები მონაწილეობდნენ. შსს-ს
ინფორმაციით სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა შემთხვევის ადგილზე
თბილისიდან დამატებით გადაიყვანა მაშველთა ჯგუფი.
შეგახსენებთ შემთხვევა გუშინ, 28 მარტს დღის პირველ ნახევარში მოხდა.
ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების - ოთას და ოშორას
- მიმდებარედ , ექვსი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე
მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ
ზვავის ქვეშ მოჰყვა.