ღირსების ორდენით ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელი, საწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა დაჯილდოვდება
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის
განცხადებით, ღირსების ორდენით დაჯილდოვდება ის 26 ფეხბურთელი,
რომელიც საქართველო-საბერძნეთის ფინალურ მატჩზე იყო
გამოძახებული.
როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა,
ასევე, დაჯილდოებული და ღირსების ორდენზე წარდგენილი იქნება მთლიანად
საწვრთნელო შტაბი და ფედერაციის ხელმძღვანელობა.
„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა
პაპუაშვილთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება ჩვენი საამაყო გუნდის
წევრების, მთლიანად ნაკრების ღირსების ორდენით დაჯილდოების თაობაზე.
მინდა დავაზუსტო, რომ დაჯილდოვდება 26 ფეხბურთელი, რომელიც
გამოძახებული იყო ფინალური მატჩებისთვის. ვულოცავ თითოეულ მათგანს
ღირსების ორდენს. ასევე, მთლიანად საწვრთნელო შტაბი იქნება
დაჯილდოებული და წარდგენილი ღირსების ორდენზე. ფედერაციის
ხელმძღვანელობა, ასევე, იქნება წარდგენილი ღირსების ორდენზე. ისინი
ნამდვილად ღირსეული ადამიანები არიან. ეს არის ერთგვარი მინიმალური
დაფასება, რომელიც მათ შეიძლება ქვეყნისგან და სახელმწიფოსგან მიიღონ.
მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, მივულოცო ჩვენს ფეხბურთელებს, ჩვენს
ნაკრებს და ფედერაციას. დარწმუნებული ვარ, წინ გველის კიდევ ძალიან
ბევრი გამარჯვება და წარმატებები. ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს ეროვნულ
ნაკრებს წარმატებას ვუსურვებ. დღეს ფეხბურთია ერთადერთი აქტუალური
თემა, აქედან გამომდინარე, სხვა საკითხებზე არ მგონია განცხადების
გაკეთება ღირდეს“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე
ითამაშებს.