ახალი ამბები
უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების ბარიერები ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საქართველოში - DEP-ის კვლევა
თანამედროვე საქართველო
მრავალეთნიკური ქვეყანაა. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით
ქართველები ქვეყნის მოსახლეობის 87%-ს, ხოლო სხვადასხვა ეთნიკური
ჯგუფები: აზერბაიჯანელები, სომხები, რუსები, ოსები, იეზიდები,
ბერძნები, ქისტები, უკრაინელები, აფხაზები და 13%-ს შეადგენენ.
საქართველოში მცხოვრებ სხვდასხვა წარმომავლობის მქონე ადამიანებს
შორის ორი ყველაზე დიდი ჯგუფი სომხური და აზერბაიჯანული ეთნოსის
წარმომადგენლები არიან. უმეტესწილად სომეხი ეთნიკური ჯგუფის
წარმომადგენლები კომპაქტურად სამცხე ჯავახეთის
რეგიონში, ხოლო აზერბაიჯანული ეთნიკური ჯგუფის
წარმომადგენლები ქვემო ქართლის ქალაქებსა და
სოფლებში არიან დასახლებული.
იმის გამო, რომ ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობა ძირითადად მჭიდროდ
არის დასახლებული საკუთარი ეროვნული ჯგუფით დაკომპლექტებულ
საზოგადოებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ ნაკლებად უწევთ
ქართველებთან ან სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებთან ურთიერთობა.
თუმცა მაშინაც კი, როდესაც ტერიტორიულად თანაცხოვრობენ (მაგალითად
ახალციხეში ქართველები და სომხები, მარნეულში ქართველები,
აზერბაიჯანელები და სომხები და ა.შ), როგორც განწყობების, ასევე
ყოფა-ცხოვრების კუთხით არადომინანტური ჯგუფები უმრავლესობისგან
ერთგვარად განცალკევებულნი არიან.
მთავარი გამოწვევა, რაც ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობას ხელს უშლის
წვდომა ჰქონდეს ჯანდაცვის და სოციალურ სერვისებზე, მიიღოს ინფორმაცია
და აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ თუ კულტურულ
ცხოვრებაში, ენობრივი ბარიერია. მაშინ, როცა მოსწავლეები საკუთარი
ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებით დასახლებულ, არაქართულენოვან
ქალაქებსა და სოფლებში ცხოვრობენ, ქართველებთან ურთიერთობის
შესაძლებლობა ნაკლებად აქვთ და შესაბამისად, მათი კომუნიკაციის
ძირითადი ენა მშობლიურია, განსაკუთრებული მნიშვნელობა სახელმწიფო ენის
სწავლების კუთხით, სწორედ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას
ენიჭება.
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, იმ
მოქალაქეებს, რომელთათვისაც ქართული არ არის მშობლიური ენა, აქვთ
უფლება, რომ ზოგადი განათლება საკუთარ მშობლიურ ენაზე მიიღონ,
არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის სწავლება და საზოგადოებრივი
მეცნიერებების ქართულ ენაზე უნდა სწავლება სავალდებულოა.
საქართველოში რეგისტრირებული 2 302 ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებიდან, 10% არაქართულენოვანი - აზერბაიჯანული, სომხური ან
რუსულია. სკოლის ასაკის ახალგაზრდები, სომხური და აზერბაიჯანული
თემიდან, ერთეული გამონაკლისების გარდა ზოგად განათლებას საკუთარ
მშობლიურ ენაზე იღებენ.
იმის გამო, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლა ქართულ
ენაზე მიმდინარეობს, სახელმწიფო ენის ცოდნის კომპეტენცია კი საკმაოდ
დაბალია, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდები, ამ
მხრივაც გამოწვევის წინაშე დგებიან.
კვლევის ინტერესის საგანს წარმოადგენდა იმის შესწავლა რა ბარიერებს
აწყდებიან ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები
საქართველოში ზოგადი განათლების მიღების პროცესში და რა გამოწვევები
ექმნებათ მათ სწავლის შემდგომ საფეხურებზე გაგრძელების სურვილის
შემთხვევაში.
DEP-ის გუნდმა კვლევის „უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების
ბარიერები ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის წარმომადგენელი
ახალგაზრდებისთვის საქართველოში“ პრეზენტაცია გამართა.
კვლევა 2023 წლის მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე მიმდინარეობდა
სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის 7 მუნიციპალიტეტში და მოიცავდა
შემდეგ კომპონენტებს:
სამაგიდე კვლევა;
8 სიღრმისეული ინტერვიუ სფეროს ექსპერტებთან;
8 ფოკუს ჯგუფური დისკუსია ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის
წარმომადგენელ 58 სტუდენტთან;
200 რაოდენობრივი ინტერვიუ 15-24 წლის ეთნიკურად სომეხ და
აზერბაიჯანელ ახალგაზრდებთან.
პროექტი განხორციელდა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის
სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის დაფინანსებით.
ვრცლად იხილეთ კვლევის ანგარიში:
უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების
ბარიერები ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის წარმომადგენელი
ახალგაზრდებისთვის საქართველოში
გააზიარეთ :