ახალი ამბები
"აღდგეს კუკუშკა" - პეტიციას ხელი 12 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა
"ვითხოვთ კუკუშკის აღდგენას" - ამ
სათაურით პეტიცია ვებგვერდზე manifest.ge 16 იანვარს, დათი
ბურჭულაძის ავტორობით გამოქვეყნდა.
მას ხელს უკვე აწერს 12231
ადამიანი. პეტიციის ავტორი 14 წლის დათი ბურჭულაძეა.
Manifest.ge-ს წესებით, პეტიცია გამარჯვების შემთხვევაში მითითებულ
ადრესატს ელექტრონულად გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში, თუ ეს ადრესატი
სახელმწიფო ორგანოა, ხელმომწერთა რაოდენობა მინიმუმ 5000 უნდა იყოს.
"კუკუშკის" აღდგენის პეტიციას გასამარჯვებლად სულ 12 000 ადამიანის
ხელმოწერა სჭირდებოდა.
შეგახსენებთ, ბორჯომ-ბაკურიანის მატარებელი "კუკუშკა" პანდემიის
მიზეზით გააჩერეს და მგზავრებს უკვე 4 წელია აღარ ემსახურება.
რკინიგზას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და სარეაბილიტაციოა.
რკინიგზაში განმარტავენ, რომ ამ მატარებლით მგზავრობა უსაფრთხო
აღარაა. სამგზავრო ვაგონებს და ელმავალს ექსპლუატაციის ვადა პანდემიის
დასრულებამდე გაუვიდა. დაძველდა და სარემონტოა ინფრასტრუქტურა.
შესაკეთებელია ლიანდაგები, სადგური, კომუნიკაცია და მატარებლის
ვაგონები.
ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის სამგზავრო ვაგონები ბოლოს 2016 წელს
განაახლეს. 2 წლის შემდეგ, ზამთარში "კუკუშკა" სოფელ არდაგანთან
რელსებიდან გადავიდა და რამდენიმე ვაგონი გადაყირავდა კიდეც. მაშინ
არავინ დაშავებულა და ლიანდაგების შეკეთების შემდეგ მოძრაობა მალევე
აღდგა.
გააზიარეთ :