პროფკავშირების ინიციატივას მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ
საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილეს საქართველოს პროფესიული
კავშირების გაერთიანების მიერ შეტანილი საკანონმდებლო ინიციატივა
ქვეყანაში ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტის დაწესების
შესახებ.
საკანონმდებლო წინადადება დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროების რეკომენდაციის საფუძველზე მიიღეს
დათქმით, რომ მანამდე მოხდეს მისი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ
კომისიაზე გატანა და განხილვა.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ
ეს საკითხი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე რამდენჯერმე
უკვე გაიტანა.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ინიციატივა
გულისხმობს საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ცვლილებებს, რომლის
მიხედვითაც, მინიმალური ხელფასი უნდა განისაზღვროს საშუალო ხელფასის
არანაკლებ 40%-ის ოდენობით. 2022 წლის მონაცემებით 40% შეადგენს 636
ლარს.
ციფრები ყოველთვის ყველაზე ნათლად ცხადყოფს ვითარებას - სსიპ
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2022 წლის თებერვლის
მდგომარეობით, 100 ლარზე ნაკლები ხელფასი ჰქონდა 12 555 ადამიანს,
შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაბალი ხელფასი კი
დაქირავებით დასაქმებულთა 5,6%-ს. ყველაზე მაღალხელფასიანი 277
დასაქმებული იღებდა იმდენივე ხელფასს, რასაც 300 ათასამდე
დაბალანაზღაურებადი დასაქმებული ერთად აღებული, ხოლო 56 000
მაღალხელფასიანი პირი იღებდა იმდენივეს, რამდენსაც 700 000 სხვა
დასაქმებული. შემოსავლებში ასეთი დიდი სხვაობა დასაქმებულთა ნაწილს
სიღარიბის ზღვარს მიღმა ტოვებს, სახელმწიფოს კი იძულებულს ხდის,
საარსებო შემწეობა გასცეს დასაქმებულ პირებზეც.
მინიმალური ხელფასი 636 ლარიან ნიშნულზე შეეხება 192 ათასამდე
დაქირავებით დასაქმებულს. მათგან 49 ათასზე მეტ ადამიანს ხელფასი
შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმზე დაბალი აქვს.
შესაბამისად, მინიმუმ 49 ათას ოჯახს გაუჩნდება შესაძლებლობა დაძლიოს
სიღარიბე.
მინიმალური ხელფასის დაწესება, მის აღსრულებაზე ზედამხედველობა და
მისი პერიოდული გადასინჯვა ხელს შეუწყობს სოციალური სამართლიანობის
დამკვიდრებას, ღირსეულ დასაქმებას, სამართლიანი სახელფასო სტრუქტურის
ჩამოყალიბებას, ხელფასების გაზრდის მოთხოვნით კოლექტიური შრომითი
დავებისა და გაფიცვების, სოციალური კონფლიქტების შემცირებას.
შემცირდება ხელფასებს შორის არსებული მწვავე უთანასწორობა, გენდერული
ნიშნით სახელფასო სხვაობა, სიღარიბის დონის მაღალი მაჩვენებელი,
დამსაქმებელთა სოციალური პასუხისმგებლობის მეტწილად დაბალი დონე,
დაბალშემოსავლიანი მოსახლეობის სოციალური სიდუხჭირე. თუმცა, სოციალური
უთანასწორობის აღმოსაფხვრელად, სხვა ბევრი გამოწვევაცაა დასაძლევი,
მათ შორის, აუცილებელია, პროგრესული გადასახადების
დაწესება.