ახალი ამბები
„მედიკამენტოზური ჩარევა არ ხდება“ - როგორია ბორჯომიდან თავშესაფარში გადაყვანილი ძაღლის მდგომარეობა
რამდენიმე დღის განმავლობაში, სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ინფორმაცია ერთ-ერთი ძაღლის შესახებ, რომელზეც როგორც ფეისბუქ მომხმარებლები წერდნენ, მათი შვილი დაკბინა, შეაშინა და ასე შემდეგ. მომხმარებლების ნაწილმა ტელეკომპანია „ბორჯომს“ ამის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება სთხოვა.

ტელეკომპანია "ბორჯომის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მალევე ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან გამოეხმაურნენ. ძაღლი თავშესაფარში გადაიყვანეს. დასუფთავების სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი გელაშვილის განცხადებით, ძაღლს გორის თავშესაფარში დააკვირდებიან, იქვე ჩაუტარებენ შესაბამის პროცედურებს და დაელოდებიან 10 დღის განმავლობაში, რომ ცოფით დაავადების ალბათობა გამოირიცხოს.


ტელეკომპანია „ბორჯომთან“ ისაუბრეს იმ მშობლებმა, რომლებმაც ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავდაპირველად გაავრცელეს. ორივე შემთხვევაში ბავშვებს ვაქცინაცია უტარდებათ.

„გუშინ ჩემს შვილს დაესხა თავს ეს ძაღლი, შარვალი სულ შეამოაფლითა, დიდი ბიჭები დაეხმარნენ, თორემ არ ვიცი რით დამთავრდებოდა. ბავშვს სისხლი სდიოდა და დავიწყეთ აცრების გაკეთება“ - ამბობს ტელეკომპანია "ბორჯომთან" საუბრისას ბორჯომელი მშობელი ლელა გოგოლაძე, რომელმაც აღნიშნულ ძაღლთან დაკავშირებით ერთ-ერთმა პირველმა გაავრცელა ინფორმაცია სოციალურ ქსელში.

„13 წლისაა ჩემი შვილი. სავარაუდოდ ეთამაშებოდა ძაღლი. ახალ უბანში, ბიჭები თამაშობდნენ ფეხბურთს. ძაღლი გაეკიდა ბურთს და ბურთი რომ არ მისცეს, ამათ გამოეკიდა. ბავშვი დაკბენილი არ არის, კბილი გამოსდო ოდნავ, ნაკაწრი აქვს, სისხლი არ წამოსვლია, მაგრამ ძაღლი რადგან უპატრონო იყო, ავცერი მაინც. უკვე გავუკეთეთ 3 აცრა“ - უყვება ტელეკომპანია "ბორჯომს", ბორჯომელი მშობელი თამარ ხვარძიკია, რომელიც ძაღლის შესახებ ასევე სოციალურ ქსელში წერდა.

ძაღლი რომელიც ბორჯომიდან დღეს თავშესაფარში გადაიყვანეს, ნორმალურ მდგომარეობაშია, ამ დროისთვის არ აღენიშნება ცოფის ნიშნები და მასზე არ მიმდინარეობს მედიკამენტოზური ჩარევა - განუცხადეს ტელეკომპანია „ბორჯომს“ შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ მართვის სააგენტოში.

„ძაღლს ამ დროისთვის არ აღენიშნება ცოფის ნიშნები. არ ხდება მედიკამენტოზური ჩარევა. მასზე ვეტერინარების მხრიდან მიმდინარეობს დაკვირვება. მას ჩაუტარდება ანტირაბიული ვაქცინაცია. 10 დღიანი დაკვირვება დასრულდება 29 თებერვალს. თუ იქამდე არაფერი გამოვლინდა, დაკვირვების მეათე დღეს ისევ ვეტერინარი გადაწყვეტს, ძაღლს ჩაუტარდება თუ არა სტერილიზაცია“ - აცხადებს შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ მართვის სააგენტოს დირექტორი ბაქარ გიუნაშვილი.

ჯეო ჰოსპიტალსის ბორჯომის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით, გასულ წელს ცხოველისგან დაკბენილმა 474-მა დაზარალებულმა მიმართა საავადმყოფოს. სამედიცინო ცენტრის დირექტორის გელა ორველაშვილის განცხადებით, უმრავლეს შემთხვევაში ეს იყო ძაღლისგან და კატისგან მიყენებული ზიანი. მისი განმარტებით, დაკბენების 2/3-ის შემთხვევაში ცხოველს პატრონი ჰყავდა, დანარჩენ შემთხვევაში კი არა.

„გასულ წელს, ცხოველისგან დაკბენილმა 474-მა ადამიანმა მოგვმართა, მათგან 124 მოქალაქე იყო უპატრონო ცხოველისგან დაკბენილი. დანარჩენ შემთხვევაში კი ზოგიერთს საკუთარმა ან მეზობლის ძაღლმა, კატამ უკბინა/გაკაწრა და ასე შემდეგ. ყველას ჩაუტარდა დროული ვაქცინაცია, აქედან 123-ს კი იმუნოგლობულინი, რაც არასასურველია ადამიანისთვის. იმუნოგლობულინი კეთდება იმ შემთხვევაში თუ ადამიანი დაკბენილია ეროგენულ ზონებში“ - აცხადებს ბორჯომის სამედიცინო ცენტრის დირექტორი გელა ორველაშვილი.

დღეს ბორჯომში ამ ძაღლის თემამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. სოციალურ ქსელში მომხმარებლების ნაწილი მის თავშესაფარში გადაყვანას ითხოვდა, ნაწილი კი აღნიშნავდა რომ ძაღლი არ იყო ცოფიანი და მისი თავშესაფარში გადაყვანის საჭიროებაც არ იყო. მშობლები კი რომელთა შვილებიც დაიკბინენ თუ დაიკაწრნენ, აინტერესებთ ძაღლის მდგომარეობა, რაც განსაზღვრავს ვაქცინაციის რაოდენობას.

შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ მართვის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ ძაღლის მდგომარეობის გასარკვევად მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 595 33 55 08.


ტელეკომპანია „ბორჯომი“ ამ თემას ისევ დაუბრუნდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.