ახალი ამბები
"კორუფციის აღქმის ინდექსით" საქართველოს მონაცემები 3 ქულით გაურესდა
„კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI)
მიხედვით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საქართველოს მონაცემები
3 ქულით გაუარესდა.
განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა".
მონაცემების გაუარესების მიუხედავად, საქართველო 53 ქულით რეგიონში
მოწინავეა.
კორუფციის აღქმის ინდექსი ტრადიციულად 180 ქვეყანაში ტარდება.
ქვეყნები ფასდება 100 ბალიანი სისტემით, სადაც 100 დადებითი, ხოლო 0
უარყოფითი შედეგია. 2023 წელთან შედარებით საქართველოს უკეთესი შედეგი
ჰქონდა 2016-2022 წლებში. მათ შორის, ინდექსი მნიშვნელოვნად
გაუმჯობესდა 2016 წელს.
"საქართველოში კორუფცია კვლავ პრობლემად რჩება, რაც მიუთითებს უფრო
ღრმა სისტემურ პრობლემებზე - ძალაუფლების კონცენტრაციაზე და ელიტების
მკაფიო გავლენაზე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და გადაწყვეტილების
მიღებაზე", - წერია კვლევაში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს, რომ ევროკომისიის გაცემული
რეკომენდაციებისა და პირობების შესრულება საუკეთესო გზა და
შესაძლებლობაა ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ რეალური
ნაბიჯების გადასადგმელად.
ორგანიზაციის რეკომენდაციებია:
ანტიკორუფციული ბიურო იყოს დამოუკიდებელი და ჰქონდეს საგამოძიებო
მოქმედბების ჩატარების შესაძლებლობა. ხელმძღვანელი კი პრემიერის
ნაცვლად დანიშნოს პარლამენტმა ოპოზიციის ჩართულობით;
"გატარდეს სასამართლოს რეალური რეფორმა";
შეიცვალოს პროკურორის არჩევის წესი და დაიწყოს გამოძიება მაღალი დონის
სავარაუდო კორუფციული რისკების შესახებ;
გატარდეს ზომები დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით.
„კორუფციის აღქმის ინდექსი“ კორუფციის გლობალური რეიტინგია. ის ზომავს
თითოეული ქვეყნის საჯარო სექტორის კორუმპირებულობის დონეს
ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევების საფუძველზე,
რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის მხრივ არსებული
მდგომარეობის შეფასებას შეიცავს.
რეიტინგში საუკეთესო შეფასება აქვს დანიას (90 ქულა), ფინეთს (87),
ახალ ზელანდიას (85), ნორვეგიას (84). ყველაზე უარესი შედეგი კი
სომალის (11), ვენესუელას (13), სირიას (13). რაც შეეხება საქართველოს
მეზობლებს: რუსეთს 26 ქულა აქვს, აზერბაიჯანს - 23, სომხეთს კი
47.
წყარო: რადიო თავისუფლება
გააზიარეთ :