დაკავების შემდეგ პოლიციის ავტომობილში მახრჩობდნენ - გელა მთივლიშვილი
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე
გამოსახლების საწინააღმდეგო აქციის გაშუქების დროს დაკავებული
ჟურნალისტი,
მთის ამბებისა და საქართველოს
ამბების რედაქტორი გელა მთივლიშვილი ხელწერილის საფუძველზე
გაათავისუფლეს. ჟურნალისტი დაახლოებით 6 საათის განმავლობაში
დაკავებული იყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციის კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. სამართალდარღვევა 2000-დან
3000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ
პატიმრობას ითვალისწინებს. ჟურნალისტი ამბობს, რომ მას კანონი არ
დაურღვევია და დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად
იძალადეს.
„სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ დამაკავეს. 2-3 წუთის მისული ვიყავი
აქციის გასაშუქებლად. რა ბოღმა აქვთ, აღარ მოვყვები.
მანქანაში რომ შემაგდეს, ხუთიდან სამი პოლიციელი არაადეკვატური გახდა,
როცა კატეგორიულად მოვითხოვე დაკავების მიზეზის, საფუძვლების
განმარტება და ადვოკატთან დარეკვა. უკანა სავარძლიდან ერთი გადმოხტა,
მეორე გვერდით მყავდა და მახრჩობდნენ. სხვა რაფერი ჰქვია მათ
არაადამიანურ ქმედებას.
სტრესის გამო სამედიცინო დახმარება დამჭირდა და სასწრაფო არ
გამოიძახეს. 40 წუთი პოლიციის მანქანაში ვყავდი დატყვევებული. მერე
ბრძანება მიიღეს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში
წამიყვანეს. პირველ ეტაპზე იქაც დამამცირეს პოლიციის დეტექტივებმა -
პროვოკატორი, მოაშორეთ, ინტრიგანი - ეს და მსგავსი სიტყვები არ
დაიშურეს. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ გამოიძახეს ექიმი, უკვე
სამმართველოში, რომელმაც დახმარება გამიწია. ხანგრძლივი ფიქრისა და
ყოყმანის შემდეგ, სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, ხელწერილით
გამათავისუფლეს.
არანაირ დარღვევას არ ვაღიარებ, არ ჩამიდენია და იმიტომ. რაც არ უნდა
დამაკისროს სასამართლომ, ამ საქმეს ბოლომდე გავყვები“, - ამბობს გელა
მთივლიშვილი.
წყარო: ,,მთის ამბები''