ახალი ამბები
საშობაო ტრადიციები საქართველოში
შობის დღესასწაულს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვანაირად აღნიშნავენ. ერთი გამორჩეული ტრადიციაა, შობის დადგომას მორწმუნე მართლმადიდებლები სარკმელში ანთებული სანთლით ეგებებიან, რაც სიმბოლურად უფლისათვის კარის გასაღებას ნიშნავს. ეს ტრადიცია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დამკვიდრდა.

საქართველოში შობის დღესასწაულს საშობაო ალილოთი ეგებებიან. ტრადიციის მიხედვით კაცებისგან შემდგარი, მგალობელთა გუნდი ჩამოივლიდა უბნებს, სახლებს და ერთმანეთს საშობაო სიმღერით ულოცავდნენ შობის დღესასწაულს. ისინი აგროვებდნენ შემოწირულობებს, რომელსაც შემდეგ გაჭირვებულებს და ქვრივ- ობლებს ურიგებდნენ. საშობაო სუფრას კი, სხვადასხვა კუთხეში მისთვის დამახასიათებელ სადღესასწაულო კერძებს ამზადებენ.

გურიაში მთავარი საშობაო სამზადისი ღვეზელის გამოცხობით იწყება. ღვეზელს ნახევარმთვარის ფორმა უნდა ჰქონდეს. ცომს აკეთებენ ხორბლის ფქვილისგან. მასში ყველი და შუაზე გაჭრილი მოხარშული კვერცხი იდება. ღვეზელი იმდენი ცხვება, რამდენი წევრიც არის ოჯახში. ასევე, მზადება ''მუცლის სალოცავი", რომელიც ზუსტად იგივე ინგრედიენტებისგან შედგება რითაც ღვეზელი. წესის მიხედვით ღვეზელს სამჯერ შემოატარებენ და წარმოთქვამენ შემდეგ ტექსტს: „შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს. შენი მუცლის სატკივარი-აღმა ქარს, დაღმა წყალს".

იმერეთში შობის წინა საღამოს ოჯახის თითოეული წევრისთვის კლავდნენ ქათმებს. კუჭმაჭის მაგიერ ურთავდნენ ჭყინტ ყველს და მოხარშულ ბრინჯს. დილით ოჯახის წევრები ერთად საუზმობდნენ და ამ საუზმეს ხაციცი ეწოდებოდა. მეკვლეს მოსვლამდე ოჯახის უფროსი სავსე ხონჩით, სამჯერ შემოუვლიდა სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავს და ბარაქას შესთხოვდა. მეკვლეს ხონჩით ეგებებოდნენ, რომელზეც: ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგათ.

სამეგრელოში შობის წინა დღეს საშობაო ღორს კლავენ, რომელსაც "საქირსე ღორი" ეწოდება ხორცის ჭამა გახსნილებამდე - მარხვის დამთავრებამდე იკრძალება. ამზადებენ კუპატებს ღორის ხორცისგან. მრგვალად მოხარშული დედალი ნიორთავას საწებლით. ნიორთავა წარმოადგენს მარილთან ერთად დანაყილ ნიგოზსა და ნიორს, რომელსაც წყლით ან ქათმის ბულიონით აზავებენ.


აფხაზეთში ამ დღეს „განახლებას", ანუ „სამყაროს შექმნას" უწოდენ. შობის ღამეს ოჯახის უფროსი, ნაკვერჩხალზე მოყრილი საკმევლითა და სანთლით ჩამოივლიდა და დალოცადა სახლ-კარს.

აჭარულ
საშობაო-საახალწლო სუფრაზე აუცილებელია ბაქლავა და აჩმა. ბარაქის მოსატანად ოთახის ოთხივე კუთხეში მარცვლეულს მიმოგფანტავენ. მარცვლეული, ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ.

რაჭაში
საშობაოდ ცხვება ნიგვზიანი და სხვა შიგთავსიანი ნამცხვრები, ბაჭულები – ხაჭოიანი ხაჭაპურები. ლობიანი ლორის ხაჭაპურები და კაც-ბასილას ფორმის გამოცხობა, ჯერაც შემორჩენილი ტრადიციაა. სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოქნიდნენ 4 სანთელს. სამს ჩაარჭობდნენ თითო-თითოდ ნიგვზიან განატეხში, მეოთხეს კი დიასახლისი ან ოჯახის უფროსი ხელში დაიჭერდა. ანთებული სანთლით და ნიგვზიანი განატეხით ელოდებიან მეკვლეს მოსვლას.

სვანეთში
ლობიან პურებს აცხობდნენ და კანაფის თესლისგან მუჯორს ამზადებდნენ. საშობაოდ ორი სუფრა იშლებოდა ერთი ცოცხლებისთვის და მეორე მიცვალებულებისთვის. ორივე სუფრაზე კორკოტი, ერთი სანთელი და ლობიანი პურები ეწყო. ერთი სუფრა ლამარიასთვის - ღვთისმშობლისთვის იშლებოდა და მასთან მხოლოდ ქალები სხდებოდნენ. ოჯახის უფროსი ილოცებდა. ლოცვის დასრულების შემდეგ კაცები და ბავშვები ერთ სუფრას, მეორეზე გადადგამდნენ და ივახშმებდნენ. ამ დღეს იხსენიებდნენ ლამარიას და "ქრისდეშს" (ქრისტეს). სვანეთში შობა ძირითადად საოჯახო დღესასწაული იყო.

ქართლში
საშობაოდ კვერებს აცხობდნენ და ოჯახის წევრებს ურიგებდნენ ტრადიციით ხონჩაზე დადებული იყო მოხარშული ღორი, რომელსაც შემოუწყობდნენ ბედის კვერებს და სანამ ოჯახი სუფრასთან დასხდებოდნენ, მანამდე ოჯახის უფროსი ეზოს შემოატარებდა ხონჩას.

კახეთში შობის დღეს ნეკრესის სალოცავში მიდიოდნენ და ღორებს კლავდნენ. ამ სამსხვერპლო ღორს "ლომტახს" ეძახიან. ლეგენდის მიხედვით ლეკები მორიგი დარბევის შემდეგ ნადავლით შინ ბრუნდებოდნენ და გზად ნეკრესისკენ გამოუვლიათ. ქართველებს მათთვის მამალი ღორები მიუსევიათ და ლეკები ხელცარიელი გაუშვიათ.

სამცხე-ჯავახეთში
თუთისგან და დათლილი ნიგვზისგან მზადდება გოზინაყი. სადესასწაულოდ აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს ღორის ხორცი.

თიანეთში
საშობაო სუფრისთვის აუცილებლად აცხობენ ქადებს. მოხევეები ქადისთვის ზელენ საფუარიან ტკბილ ცომს, რომელსაც კვერცხსა და ერბოს უმატებენ. ქადის გული მზადდება ერბოში მოხალული ფქვილისგან. ტკბილ ქადას გულში შაქარსაც უმატებენ. ხევსურეთში დღესასწაულთან დაკავშირებით იხდება არაყი, იხარშება ლუდი. ცხვება საახალწლო კვერები, რომლებზეც სხვადასხვა საგანი და ცოცხალი არსებაა გამოსახული.

ბოლო წლებში დაიწყეს საშობაო ლიქიორის მომზადება, რომლის მზადებასაც მაისიდან იწყებენ და შობისთვის ამთავრებენ. იგი მოიცავს სხვადასხვა ხილის არომატს და ამჟამად საქართველოს ყველა კუთხეშია გავრცელებული.
Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.