ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა | საია
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაცია" გიგა ოთხოზორიას საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა
სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საია ამბობს, რომ სასამართლომ საქმეზე მატკავა და სხვები რუსეთის
წინააღმდეგ (Matkava and Others v. Russia (no. 3963/18)) დამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება)
დარღვევა დაადგინა და გიგა ოთხოზორიას ოჯახს არამატერიალური ზიანის
სახით 130 000 ევროს კომპენსაცია მიანიჭა.
მოცემულ საქმეში ასევე დაადგინა 38-ე მუხლის დარღვევა, რადგან რუსეთის
ფედერაციამ სასამართლოში არ წარადგინა შესაბამისი სისხლის სამართლის
საქმის მასალები.
საია ამბობს, რომ გიგა ოთხოზორიას საქმეს გააჩნია სახელმწიფოებრივი
მნიშვნელობა, რადგან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ
იმსჯელა თუ, რამდენად ახორციელებს რუსეთის ფედერაცია ეფექტიან
კონტროლს აფხაზეთის ტერიტორიაზე და რამდენად ეკისრება მას
პასუხისმგებლობა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა
ქმედებებზე.
რუსეთის წერილობითი არგუმენტაციის საპირისპიროდ, როგორც საჩივარში,
ასევე შემდგომ წარდგენილ წერილობით არგუმენტაციაში, საიამ და EHRAC-მა
მიუთითეს არაერთ მტკიცებულებაზე, რომელიც ადასტურებს რუსეთის მხრიდან
აფხაზეთის ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის
განხორციელებას.