„ჩემი ხმა ევროპას“- სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პეტიციის ხელმოწერები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის
კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ ფარგლებში შეგროვებული ხელმოწერები
გადასცა.
ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მადლობა გადაუხადა საქართველოს
პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს კამპანიის „ჩვენი ხმა ევროპას“ და
ყველა სხვა მნიშვნელოვანი ინიციატივისათვის, რომელიც საქართველოს
მომავალს ეხება.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, მისთვის დიდი პრივილეგია იქნება, რომ
ხელმოწერებს ელექტრონულ ფორმატში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ
მიშელს გადაუგზავნის.
„დღეს აქ ფაქტობრივად ვიმყოფებით ყველანი, ბევრმა კოლეგამ იმოგზაურა
მეზობელი ქვეყნებიდან იმისათვის, რომ აქ ჩამოსულიყო, ზოგიერთი კოლეგა
ჩამოვიდა საკუთარი დედაქალაქიდან იმისათვის, რომ მონაწილეობა მიეღო ამ
ღონისძიებაში. ჩემთვის დიდი პრივილეგია იქნება, რომ მივიღო ეს
ხელმოწერები და ელექტრონულ ფორმატშიო გადავუგზავნო შარლ მიშელს,
პრეზიდენტს, რომელიც ჩაატარებს ისტორიულ შეხვედრას, რომელიც დაიწყება
დილის 10:00 საათზე. კიდევ ერთხელ გმადლობთ და მეც ვუერთდები
პრეზიდენტის განცხადებას, რომ იმედი ვიქონიოთ, კიდევ ერთხელ მოგვეცემა
აღნიშვნის შესაძლებლობა და ეს იქნება შესანიშნავი დღე“, - განაცხადა
პაველ ჰერჩინსკიმ.
„ძალა ერთობაშია“ - თუ ჩვენ შიგნით დაგვყვეს და დაგვაპირისპირეს,
ვერაფერს მივაღწევთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა კამპანიის „ჩემი ხმა ევროპას“ დასკვნით ღონისძიებაზე
სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის შეფასებით, 15 დეკემბერის გადაწყვეტილებით არაფერი
მთავრდება და ევროპისკენ გზა გასაგრძელებელი იქნება და ამ კონტექსტში
ერთიანობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.