NDI - ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს გზავნის
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“
(NDI) კვლევის თანახმად, დაახლოებით ათიდან ერთ მოქალაქეს ჰყავს
ოჯახის წევრი, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს და ფულს გზავნის.
ამასთან, NDI-ის მონაცემებით, დაახლოებით ათიდან ერთი მოქალაქე
ემიგრაციაზე ფიქრობს, მათივე განმარტებით, ემიგრაციის სურვილი ყველაზე
მაღალი ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, ახალგაზრდებში, კაცებში,
ოპოზიციის მხარდამჭერებსა და გადაუწყვეტელ ამომრჩევლებშია.
აღსანიშნავია, რომ NDI-ის მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ
პირადად იცნობს ისეთ ადამიანს, ვინც ბოლო 12 თვის განმავლობაში
ემიგრაციაში წავიდა. შესაბამის კითხვაზე დადებითი პასუხი გამოკითხულთა
62%-მა გასცა.
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ განმარტავს, რომ გამოკითხულთა
უმრავლესობის თქმით, ემიგრაციის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასები და
სამუშაო ადგილების ნაკლებობაა - აღნიშნულ მიზეზებს შესაბამისად
გამოკითხულთა 65% და 56% ასახელებს.
ამასთან, უმრავლესობა, 80 პროცენტი, მიიჩნევს, რომ ემიგრაციას
საქართველოზე უარყოფითი გავლენა აქვს.
აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით
ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით
პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების
გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ
ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2
პროცენტია.