საქართველოში 79 პროცენტი მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას - NDI
საქართველოს მოქალაქეები ერთსულოვნად
უჭერენ მხარს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,
ვკითხულობთ აშშ-ის „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა" (NDI) და
„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის" (CRRC) კვლევაში.
საზოგადოებრივი აზრის 11 დეკემბერს
გამოქვეყნებული კვლევა ევროკომისიის გადაწყვეტილებამდე ჩატარებულ
გამოკითხვას ეფუძნება. როგორც NDI აღნიშნავს, ევროინტეგრაცია
საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა - 79 პროცენტი მხარს უჭერს
ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. ამასთან, ბოლო ერთი წლის
განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა,
რომლებიც ევროკავშირს საქართველოს უმთავრეს ეკონომიკურ და პოლიტიკურ
პარტნიორად აღიარებენ.
ევროკავშირის მხარდაჭერა ყველაზე მაღალი დიდი ქალაქების მოსახლეობასა
და ახალგაზრდებს შორისაა, ყველაზე დაბალი კი - ეთნიკური უმცირესობების
დასახლებებში.
შეკითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული
მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი? - პასუხები ასე
გადანაწილდა:
79% - მისაღებია;
11% - მიუღებელია;
9% - არ ვიცი.
კვლევის თანახმად, მოსახლეობის აზრი გაყოფილია იმაზე, რა ძალისხმევას
დებს მთავრობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. „ქართული
ოცნების" მხარდამჭერებსა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ყველაზე
მეტად სჯერათ, რომ მთავრობა ყველაფერს აკეთებს საქართველოს
ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
მცირედი ვარდნის მიუხედავად, NATO-ს მხარდაჭერა კვლავ მაღალია.
NATO-ში გაწევრიანების მხარდაჭერა ყველაზე მეტად ახალგაზრდებსა და
ოპოზიციის მხარდამჭერებში შემცირდა.
არის მოლოდინი, რომ 14-15 დეკემბერს ევროპული საბჭო ევროკომისიის
რეკომენდაციით მიიღებს უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების
მოლაპარაკებების დაწყების, საქართველოსთვის კი ევროკავშირის წევრი
ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას. დოკუმენტის
ბოლო პროექტის მიხედვით, საქართველოსთან დაკავშირებით ნახსენები
იქნება ევროკომისიის 9 დათქმაც.