''საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია კვლავაც გამოწვევად დარჩა''-საერთაშორისო გამჭვირვალობა
საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია
კვლავაც გამოწვევად დარჩა,
- ამის შესახებ არასამთავრობო
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კორუფციასთან
ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია
აღნიშნული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს
ხელისუფლებას, რომ ევროკომისიის მოთხოვნების საფუძველზე დაიწყოს და
ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების
გამოძიებები.
„9 დეკემბერი კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. საქართველო
მსოფლიოში ცნობილია წარმატებული ანტიკორუფციული რეფორმებით, რომელიც
მან წლების წინ ჩაატარა. შედეგად საქართველოში დაბალ დონეზე კორუფცია
აღმოიფხვრა. მიუხედავად ამისა, საქართველოში მაღალ დონეზე კორუფცია
კვლავაც გამოწვევად დარჩა.
სამწუხაროა, რომ კონკრეტული ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარებასთან
ერთად ვერ მოხდა ისეთი ანტიკორუფციული სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც
ეფექტურად გაუმკლავდებოდა ელიტურ კორუფციას. ძლიერი ანტიკორუფციული
სისტემის ჩამოყალიბება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის,
სადაც სულ უფრო მეტი კითხვა ისმის სახელმწიფო მიტაცებასა და
კლეპტოკრატიაზე.
წელს საქართველო ევროპული საბჭოსგან ელოდება გადაწყვეტილებას წევრობის
კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. საქართველოში
ანტიკორუფციული რეფორმების ჩატარების აუცილებლობაზე საუბარია როგორც
2022 წლის ივნისში სტატუსის მიღების წინაპირობად ევროკომისიის მიერ
დასახელებულ 12 პრიორიტეტში, ისე 2023 წლის ნოემბერში შემუშავებულ
რეკომენდაციებში.
ევროკომისიის მიერ მომზადებული რეკომენდაციების შესრულება აუცილებელია
ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ამასთან,
მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება
დღეს საუკეთესო გზა და შესაძლებლობაა ქვეყანაში კორუფციის წინააღმდეგ
რეალური ნაბიჯების გადასადგმელად.
შესაბამისად, მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას ევროკომისიის
მოთხოვნების საფუძველზე გადადგას შემდეგი ნაბიჯები: დაიწყოს და
ბოლომდე მიიყვანოს მაღალი დონის სავარაუდო კორუფციული შემთხვევების
გამოძიებები. უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს დამოუკიდებლობა,
მიუკერძოებლობა და ეფექტიანობა; შეასრულოს ბიუროსთან დაკავშირებით
ვენეციის კომისიის რეკომენდაციები. დეკლარაციების მონიტორინგის დროს
ბიურომ უნდა გამოავლინოს თანამდებობის პირთა დაუსაბუთებელი ქონება და
ასეთ შემთხვევებზე უნდა დაიწყოს გამოძიება.
შეიმუშაოს და დაამტკიცოს ანტიკორუფციული სტრატეგია და სამოქმედო
გეგმა, უზრუნველყოს მისი სრულყოფილად განხორციელება რეალისტურ
ვადებში, შესაბამისი დაფინანსებითა და მონიტორინგის მეშვეობით.
დაუბრუნდეს “ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის ანტიკორუფციული ქსელის” (OECD/ACN) ანტიკორუფციული
გარემოს შეფასების პროცესს, რომელიც მან 2023 წლის თებერვალში დატოვა
და სრულად შეასრულოს წინა შეფასების რეკომენდაციები.
განაახლოს და განახორციელოს დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით იმგვარად, რომ შედეგად
პოლიტიკის, მართლმსაჯულებისა და ეკონომიკის სფეროები გათავისუფლდეს
გავლენიანი პირადი ინტერესებისგან და მათი გავლენისგან.
გაატაროს სასამართლო სისტემის სრულყოფილი რეფორმა ვენეციის კომისიის
რეკომენდაციების შესაბამისად. უფრო კონკრეტულად კი, შეიქმნას
კეთილსინდისიერების შემოწმების სისტემა, პროცესში გადამწყვეტი ხმის
უფლების მქონე საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, იმ კანდიდატებისა
და პირებისათვის, რომლებიც ამჟამად დანიშნული არიან სასამართლო
სისტემის ყველა წამყვან თანამდებობაზე, კერძოდ, იუსტიციის უმაღლეს
საბჭოში, უზენაეს სასამართლოში და სასამართლოს თავმჯდომარეთა
თანამდებობებზე.
შეცვალოს გენერალური პროკურორის დანიშვნის წესი, რათა ის არჩეულ იქნას
პარლამენტში უბრალო უმრავლესობის ნაცვლად, კვალიფიციური უმრავლესობით.
ამ რეფორმების განხორციელება, საარჩევნო რეფორმებთან ერთად,
მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების
ჩატარებისთვისაც, რაც ასევე გახდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების
შეფასების საგანი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე“, -
აღნიშნულია განცხადებაში.