გამონაბოლქვის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობისთვის 3 თვეში 2460 სამართალდამრღვევი დააჯარიმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლები,
4 სექტემბრიდან, საქართველოს 4 დიდ
ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მოძრავი
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს
ახორციელებენ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, კანონის ამოქმედებიდან 3
თვეში, დეპარტამენტის მოძრავი ეკიპაჟების მიერ, ავტოსატრანსპორტო
საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის 2460
სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.
„დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყველაზე მეტი - 1149 დარღვევა
გამოავლინეს თბილისში, 525 სამართალდარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 432
- ბათუმში, 354 - ქალაქ რუსთავში.
2460 საჯარიმო ქვითრიდან 2114 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე
დაიწერა. 346 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 1451 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების
მძღოლების მიმართ არის შედგენილი, 851 - მიკროავტობუსის, 157 -
სატვირთო ტიპის, 1 კი ავტობუსის მძღოლის სახელზე.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ
ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის
ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე - 300 ლარი, მესამე
ჯერზე - 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, ჯარიმა 500, 1500
და 3000 ლარია. ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში,
სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.
ჯარიმების გადამოწმება მოქალაქეებს შეუძლიათ გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებგვერდზე: www.des.gov.ge; ჯარიმის
გადახდა კი, შესაძლებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდის
www.videos.police.ge საშუალებით“,- აღნიშნულია გავრცელებულ
ინფორმაციაში.