სამცხე-ჯავახეთში უკანონო ნადირობის 11 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2
თვეში, 19 აგვისტოდან 19 ოქტომბრის
ჩათვლით პერიოდში, უკანონო ნადირობის 448 ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო ნადირობის ყველაზე მეტი - 124 ფაქტი დაფიქსირდა იმერეთში; 83
ფაქტია გამოვლენილი მცხეთა-მთიანეთში, 82 - სამეგრელო-ზემო სვანეთში,
39 - გურიაში, 36 - შიდა ქართლში, 35 - კახეთში, 17 - აჭარაში, 12 -
ქვემო ქართლში, 11 - სამცხე-ჯავახეთში, 2 კი, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო
სვანეთში. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა უკანონო ნადირობის 7 ფაქტი აღკვეთეს ქალაქ თბილისის
ადმინისტრაციულ საზღვრებშიც.
გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევებიდან, 345 შემთხვევაში,
სამართალდამრღვევებმა ნადირობისას აკრძალული იარაღი, მეთოდი ან
საშუალება გამოიყენეს. 91 მონადირე გადამფრენ ფრინველებზე დაწესებული
მოსაკრებლის გარეშე ნადირობდა, 5-მა მოქალაქემ ქალაქის ან
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინადირა, 6 შემთხვევაში კი, მონადირეებმა
აკრძალული სახეობები მოინადირეს.
სამართალდარღვევებიდან საკმაოდ ბევრია უკანონო საშუალებით - ფრინველის
მოსაზიდი ხელნაკეთი ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული
მოწყობილობით ნადირობის ფაქტებიც. ნადირობის სეზონის დაწყებიდან 2
თვეში, ამოღებულია 338 ასეთი მოწყობილობა.
უკანონო ნადირობის ფაქტების გამოვლენისა და პრევენციის მიზნით,
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები,
ნადირობის სეზონის განმავლობაში (მომდევნო წლის 1 მარტამდე),
საქართველოს მასშტაბით 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს
ახორციელებენ.