ინტერაქტიული მულტიმედია
რა მიზანს ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელება სამცხე-ჯავახეთში
„ჯავახეთში დიდია გავლენა რუსეთის საინფორმაციო წყაროების, ადგილობრივებს რუსეთთან აქვთ ეკონომიკური კავშირი, იქ მუშაობენ, იქ ჰყავთ ნათესავები, ახლობლები. საინტერესოა ისიც, რომ ახალქალაქში ყოველთვის კარგად იციან რუსული რუბლის კურსი, იციან დოლარის კურსი რუსულ რუბლთან მიმართებაში და არა ლართან მიმართებაში“ - გვიზიარებს საკუთარ დაკვირვებას მახარე მაცუკატოვი, ახალქალაქის ბიზნეს ცენტრის ხელმძღვანელი.





ჯავახეთის მოსახლეობა, რომ ინფორმაციას რუსული ტელეარხებიდან იღებს, სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. რუსეთზე არც რეგიონის მოსახლეობის ნაწილის ეკონომიკური დამოკიდებულება წარმოადგენს ახალ ამბავს. ჯავახეთში მცხოვრები კაცების დიდი ნაწილი, თვეობით რუსეთში მუშაობს და ოჯახებს საქართველოში რუსული ფულით არჩენს.

ნინო გონგაძე, მახარე მაცუკატოვი და ლადო ტერტერიანი სამცხე-ჯავახეთში ცხოვრობენ. ადგილობრივები გვიყვებიან რა ფორმით და რა მიზნით ვრცელდება დეზინფორმაცია სამცხე-ჯავახეთში, რომლის სამიზნე ხშირად ევროკავშირია.




დეზინფორმაციის სამიზნე წლების განმავლობაში არ იცვლება. პროპაგანდის მასშტაბები იზრდება, არადა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ 9 დათქმას გულისხმობდა, აქედან პირველი ქვეყანაში დეზინფორმაციის შემცირებას ითვალისწინებს.

ქვეყანაში დეზინფორმაციის შემცირების საპასუხოდ პირველი ნაბიჯი, რაც მთავრობამ გადადგა, იყო სამოქმედო გეგმის დამტკიცება. 2023 წლის 27 ნოემბერს საქართველოს ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისიამ დაამტკიცა „ევროკომისიის 2023 წლის გაფართოების პოლიტიკის შესახებ კომუნიკაციაში, საქართველოსთვის განსაზღვრული ნაბიჯების განსახორციელებელი ღონისძიებების” გეგმა.


გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას დაევალა. დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში განისაზღვრა განსახორციელებელი აქტივობები და ვადები.

• მთავრობის 2024-27 წლების საკომუნიკაციო სტრატეგიის დამტკიცება. სტრატეგიის ერთ-ერთ კომპონენტს სწორედ დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენს.

• საგარეო საქმეთა სამინისტრომ განსაზღვრა უწყების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირში საქართველოს გაწევრების შესახებ საქართველოს მთავრობის კომუნიკაციის სტრატეგიაში ცვლილებებს ახალი რეალობებისა და ევროკომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით.

• ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის გაძლიერებას როგორც ფინანსური ისე ადამიანური რესურსებით.

• დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლისა და ევროკავშირის, ასევე ევროპული ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით აქტივობების განხორციელებას.

• საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, მათ შორის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის შესაბამის სამსახურებთან სტრატკომის მიმართულებით.


გეგმაში გაწერილი ამ ჩამონათვალის დასაზუსტებლად და მისი დამტკიცებიდან დღემდე, უკვე განხორციელებული საქმიანობების გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროს და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს დავუკავშირდით. ამ უკანასკნელმა გვითხრა რომ ინტენსიურად ხორციელდება საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან და დეტალური ინფორმაციის მისაღებად საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაგვამისამართა, სამინისტროსთან კომუნიკაცია და საკითხზე პასუხისმგებელ პირთან ინტერვიუ ვერ შედგა. ტელეკომპანია „ბორჯომი“ სამინიტროსგან ინფორმაციას წერილობით გამოითხოვს.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი გიგი გიგიაძე სამცხე-ჯავახეთში რუსული დეზინფორმაციის გავრცელების მიზეზებზე საუბრობს - „საქართველოში მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს როგორც ევროპულ, ასევე ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამ მხარდაჭერის შესამცირებლად სამცხე-ჯავახეთში ხდება ხოლმე ხელოვნური შიშების გაჩენა, ამ გზავნილებს არაფერი არ აქვთ საერთო ჭეშმარიტებასთან.“



რა მიზანს ემსახურება დეზინფორმაციის გავრცელება სამცხე-ჯავახეთში ცხადია, რას აკეთებს მასთან გასამკლავებლად საქართველოს მთავრობა - ბუნდოვანი. მთავარია რეგიონში მცხოვრებლებმა შეძლონ პროპაგანდის გამიჯვნა, ინფორმაციის სანდო წყაროებიდან მიღება და დასკვნების ამის შემდეგ გაკეთება.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.