პოლიციამ 14 წლის გოგოს ბიძა დააკავა
პოლიციამ საგარეჯოში მოკლული 14 წლის
გოგონას ბიძა ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის
ბრალდებით დააკავა.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან
საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბრალდებული არასრულწლოვანს ფსიქოლოგიური ძალადობის
გამოყენებით აიძულებდა იძულებით ქორწინებაში დარჩენას.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო
მოქმედებების შედეგად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მოკლული 14 წლის
გოგონას ბიძა - 1980 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.მ.,
ოჯახის არასრულწლოვანი წევრის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის
შეუტყობინებლობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე
დააკავეს.
დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2009 წელს დაბადებული ა.შ.
გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, მისი
ნების საწინააღმდეგოდ, აიძულა ცოლად გაჰყოლოდა 1996 წელს დაბადებულ
ა.ს. -ს. აღნიშნულის შემდეგ, ა.ს. - მ არასრულწლოვან გოგონას ცოლად
შერთვის მიზნით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა და საგარეჯოს
მუნიციპალიტეტში წაიყვანა.
გამოძიებით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულისთვის ცნობილი იყო ა.ს.- ს
მხრიდან ა.შ.-ს მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების
შესახებ, თუმცა მან ამის შესახებ სამართალდამცველებს არ
შეატყობინა.
გოგონას წინააღმდეგობის მიუხედავად, ბრალდებული არასრულწლოვანს
ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით კვლავ აიძულებდა ა.ს. -სთან
იძულებით ქორწინებაში დარჩენას.
ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის, 14
წლის გოგოს დედას პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა