სადეკრეტო შვებულების ანაზღაურება შესაძლოა 2 500 ლარამდე გაიზარდოს
შემოვდივართ წინადადებით, რომ
სადეკრეტო შვებულების ანაზღაურება 2500 ლარამდე გაიზარდოს, რომ
ოჯახებს გარკვეული სტიმული მივცემთ, – ამის შესახებ ჯანმრთელობის
დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ
კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც განიხილეს „საქართველოს 2024
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი თანდართულ მასალებთან
ერთად.
ზაზა ლომინაძის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი
ორიენტირებულია ჯანდაცვასა და სოციალურ საკითხებზე და მათზე
მიმართულია 7,8 მილიარდ ლარზე მეტი.
„ამ თანხიდან პრაქტიკულად 4 მლრდ ლარი მიემართება საპენსიო
ანაზღაურებაზე. მისასალმებელია, რომ საპენსიო ანაზღაურება იმატებს
როგორც ქალაქში მცხოვრებლებისთვის, ასევე მაღალმთიან რეგიონებში
მცხოვრებთათვის. არ შეიძლება ხაზგასმით არ აღინიშნოს, რომ ბიუჯეტი
ორიენტირებულია სოციალურად დაუცველ ბავშვებზე. აღსანიშნავია, რომ
გრძელდება სკოლების და ბაღების მშენებლობა, რისთვისაც საკმაოდ დიდი
ასიგნებებია გამოყოფილი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ რა
მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში, ალბათ მეტი თანხები უნდა
გავითვალისწინოთ თავდაცვისათვის“, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
მისივე შეფასებით, დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას
წარმოადგენს დემოგრაფია და კარგი იქნება, თუკი მთავრობა და პარლამენტი
ამ მიმართულებით შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„ამ ეტაპზე კი შემოვდივართ წინადადებით, რომ სადეკრეტო შვებულების
ანაზღაურება 2500 ლარამდე გაიზარდოს, რომ ოჯახებს გარკვეული სტიმული
მივცემთ“, – აღნიშნა ზაზა ლომინაძემ.