პროკურატურამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ 15 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს გენერალურმა
პროკურატურამ „კანონიერი ქურდობისთვის“, „ქურდული სამყაროს“
წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და
,,კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის
ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2 სისხლის
სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ
,,ქურდული სამყაროს“ წევრები, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის
მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი
,,კანონიერი ქურდების“ - ლ.მ.-ს და რ.ხ.-ს დავალებით, საქართველოში
სისტემატურად აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს“, იხილავდნენ მხარეებს
შორის არსებულ ფინანსურ დავებს და უზრუნველყოფდნენ ე.წ. „ქურდული
საერთოსთვის“ თანხების შეგროვებას. ასევე, ორმა პირმა დავის მის
სასარგებლოდ გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს
მიმართა.
„2 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა
მუხლის მეორე ნაწილით (,,კანონიერი ქურდობა“) დაუსწრებლად წარედგინა,
რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას
ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით
(,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და
ზომად 7-იდან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 6 პირს
ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“
საქმიანობის მხარდაჭერა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად
3-იდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს
223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (,,კანონიერ ქურდისთვის/ქურდული
სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც სასჯელად 3-იდან 7
წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.