საზოგადოება
Wi-Fi-ზე 100-ჯერ სწრაფი ტექნოლოგია: რა არის Li-Fi ინტერნეტი?
ავტორი: გიორგი თოლორდავა
კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრანსფორმაციული ტექნოლოგია, რომელმაც ფაქტობრივად მთელი მსოფლიო შეცვალა, უდავოდ, ინტერნეტია. ელექტრო მოწყობილობების ერთმანეთთან დაკავშირებამ ტერიტორიული სიშორე და ფიზიკური ბარიერები უბრალოდ წაშალა, დედამიწის ყველაზე მეტად დაშორებული წერტილებს შორის საზღვრები კი გაქრა.

ინტერნეტის გადაცემის რამდენიმე მეთოდი არსებობს და ყოველ მათგანს თავისი უპირატესობები აქვს. მაგალითად: საკაბელო ინტერნეტი მონაცემების ყველაზე სწრაფად და დაცულად გადაცემის მეთოდია, რომელსაც კერძო პირებიც და კომპანიებიც აქტიურად იყენებენ. პოპულარობით პირველ ადგილზე მობილური ინტერნეტია, რომელიც განსაკუთრებული მოქნილობით გამოირჩევა, თუმცა სისწრაფესთან და დაყოვნებასთან დაკავშირებით მას გარკვეული პრობლემები აქვს, რის გამოც ამ ტექნოლოგიის გაუმჯობესებაზე კომპანიები აქტიურად მუშაობენ. ამჟამად 5G-ის ეპოქაში ვართ, თუმცა მეექვსე თაობის ინტერნეტის განვითარების პროცესი უკვე დაწყებულია და რამდენიმე წელიწადში ბაზარზე 6G-იც გამოჩნდება.

შენობებსა და დახურულ სივრცეებში ინტერნეტის განაწილების ყველაზე გავრცელებული მეთოდი უკაბელო ტექნოლოგია, იგივე Wi-Fi-ია, რომელიც მობილური ინტერნეტის მსგავსად, რადიო ტალღებს იყენებს. დღეისათვის ინტერნეტის გაზიარების კუთხით Wi-Fi ყველაზე დომინანტი ტექნოლოგიაა, რომელსაც იყენებენ როგორც კერძო სახლებში, ასევე პენტაგონსა და ნასაში.

მიუხედავად Wi-Fi-ს ასეთი დომინაციისა, ტექნოლოგიური პროგრესი არ ჩერდება და მეცნიერები და ინოვატორები ინტერნეტის გადაცემის ალტერნატიული მეთოდების შექმნაზე აქტიურად მუშაობენ. ასეთ ინოვაციებს შორის ყველაზე გამორჩეული Li-Fi-ია - ტექნოლოგია, რომელიც ინტერნეტის გადასაცემად არა რადიოტალღებს, არამედ სინათლის სხივებს იყენებს.

Li-Fi-ს იდეა სათავეს ჯერ კიდევ 1880-იანი წლებიდან იღებს, თუმცა მისი პირველი მუშა პროტოტიპი ბაზარზე ათი წლის წინ გამოჩნდა. Li-Fi ტექნოლოგია მონაცემების გადასაცემად LED ნათურებს იყენებს, თავად ინფორმაციის გადაცემა კი ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სპექტრის დახმარებით ხდება, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალით შეუძლებელია.

Li-Fi-ის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: შენობაში საკაბელო ქსელით მიღებულ ინტერნეტს Li-Fi-ს მოდემი სპეციალურ LED ნათურებზე ანაწილებს. ის მოწყობილობა, რომელიც ამ განათების ქვეშ მოექცევა, სინათლის მეშვეობით ინტერნეტით დასხივდება, ამ ინტერნეტის მისაღებად კი მობილური ტელეფონი თუ ლეპტოპი სპეციალური სენსორით ან გადამყვანით უნდა იყოს აღჭურვილი.

ინტერნეტის გადაცემის პროცესში Li-Fi-ს გამოყენებას რამდენიმე უპირატესობა აქვს, პირველ რიგში, Li-Fi-ს
თეორიული სიჩქარე თითქმის 100-ჯერ აღემატება ტრადიციული Wi-Fi-ს მოდემის სიჩქარეს. მეცნიერების შეფასებით, Li-Fi მეთოდით ინტერნეტის გადაცემა 230 გიგაბიტ-წამის სიჩქარით იქნება შესაძლებელი. Wi-Fi-ს შემთხვევაში კი ეს ლიმიტი დაახლოებით 10 გიგაბიტ-წამს შეადგენს.

Li-Fi-ს მეორე უპირატესობა ექსტრემალურად დაბალი დაყოვნების დროა. ვინაიდან, ეს ტექნოლოგია მონაცემების გადასაცემად სინათლის სხივებს იყენებს, თეორიულად, მის ლიმიტსაც თავად სინათლის სიჩქარე წარმოადგენს.

Li-Fi-ს ერთი უცნაური თვისებაც გამოარჩევს: ის ხელმისაწვდომია მხოლოდ იქ, სადაც თავად სინათლე აღწევს, ანუ Li-Fi-ს არ აქვს კედლებსა და მყარ საგნებს შორის გასვლის უნარი, ეს კი როგორც მისი მთავარი ნაკლი, ასევე უპირატესობაცაა. საქმე ისაა, რომ Wi-Fi-სგან განსხვავებით, Li-Fi-ში ჰაკერები დისტანციურად შეღწევას ვერ შეძლებენ, რადგან მათ ფიზიკურად მოუწევთ სინათლის წყაროს ქვეშ მოხვედრა, რაც კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით, დაცულობით უმაღლეს სტანდარტს უზრუნველყოფს.

რაც შეეხება Li-Fi-ს მთავარ ნაკლს, ვინაიდან მას კედლებში გაღწევა არ შეუძლია და მისი მოქმედების არეალიც საკმაოდ შეზღუდულია, მისი გამოყენება თითქმის შეუძლებელი იქნება შენობებს შორის კომუნიკაციის დროს. სწორედ ამ თვისების გათვალისწინებით, Li-Fi ვერ შეძლებს Wi-Fi-ს სრულად ჩანაცვლებას.

რაც შეეხება Li-Fi-ს პრაქტიკულ გამოყენებას. ინვესტორების შეფასებით, ამ ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი აქვს ისეთ ადგილებში, სადაც ინფორმაციის დაცვა და უსწრაფესი ინტერნეტის ქონა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მაგალითად: შეიარაღებულ ძალებში, სამთავრობო უწყებებში, საკანონმდებლო ორგანოებში, სადაზვერვო სამსახურებში და აგრეთვე ისეთ კომპანიებში, რომელთაც საქმე აქვთ სენსიტიურ მონაცემებთან, როგორიც, მაგალითად, Lockheed Martin-ია.

Li-Fi-ს განვითარების პოტენციალი აქვს საავიაციო ინდუსტრიაშიც, რადგან ეს ტექნოლოგია არ იყენებს რადიოტალღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავის რადართან მიმართებით ის პრობლემას არ გამოიწვევს, განსხვავებით Wi-Fi-სა.

Li-Fi-ს თეორიულ შესაძლებლობებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომატიზაციას და ავტომობილების ინდუსტრიას უკავშირდება. ამ ტექნოლოგიის საშუალებით თვითმართვადი ელექტრომობილები ერთმანეთთან კომუნიკაციას პირდაპირ მაშუქების დახმარებით შეძლებენ, ინფორმაციის გადაცემის დაყოვნება კი მინიმალური იქნება, რაც თეორიულად მინიმუმამდე შეამცირებს ავარიის გამოწვევის რისკებს.

მეცნიერები აგრეთვე აქტიურად საუბრობენ Li-Fi-ს კოსმოსში გამოყენების პერსპექტივაზეც. რაც შეეხება პრაქტიკულ განვითარებას, ამჟამად ამ ტექნოლოგიის დახვეწაზე ათამდე კომპანია მუშაობს და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით რამდენიმე მუშა პროტოტიპიც შეიქმნა.

იმ შემთხვევაში, თუკი Li-Fi მართლაც შეძლებს თავისი თეორიული პოტენციალის მიღწევას, მაშინ, შესაძლოა, ეს ტექნოლოგია ვიხილოთ როგორც ჩვენს სახლებში, ასევე ავტომობილებსა და კოსმოსშიც კი.

Li-Fi-სთან დაკავშირებით დანამდვილებით რაიმეს თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია, თუმცა ფაქტია, რომ ამ ტექნოლოგიას ნამდვილად აქვს ბაზარზე თავისი დამკვიდრების პოტენციალი, თუმცა ის Wi-Fi-სა თუ მობილური ინტერნეტის სრულად ჩანაცვლებას ფიზიკურად ვერასოდეს შეძლებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.