ახალი ამბები
ყველაზე ძვირადღირებული პასპორტები და ვიზები
სადაზღვევო კომპანია William
Russell-მა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციაში (OECD) შემავალი ქვეყნების პასპორტებისა და ვიზების
შესახებ ინფორმაცია შეისწავლა და გაარკვია, სად ღირს სამგზავრო
დოკუმენტების აღება ყველაზე ძვირი.
მონაცემები ემყარება დოკუმენტის გამომშვებ ქვეყანაში ზრდასრული
ადამიანის სტანდარტული პასპორტის საფასურს, რადგან სხვადასხვა
ქვეყანაში არსებულ საკონსულოებსა და საელჩოებში პასპორტის ფასი
შესაძლოა, განსხვავებული იყოს.
კვლევამ აჩვენა, რომ პასპორტი ყველაზე ძვირი - $230 ავსტრალიაში ღირს.
მეორე ადგილს $170-ით მექსიკა იკავებს. მას მოსდევს შვეიცარია, სადაც
ახალი პასპორტის საფასური $140-ს შეადგენს. სამივე ქვეყნის დოკუმენტს
10-წლიანი მოქმედების ვადა აქვს.
ძვირადღირებული პასპორტების საფასურის რეიტინგში აშშ-ს $130-ით მე-5
ადგილი უჭირავს. მას 7 ადგილით ჩამორჩება გაერთიანებული სამეფო, სადაც
დოკუმენტის ფასი $100-ია.
ყველაზე იაფი პასპორტების რეიტინგში კი პირველ ადგილზე ჩეხეთია. ამ
ქვეყანაში 10-წლიანი სამგზავრო დოკუმენტის ფასი $27-ია. მას $29-ით
ლატვია და $33-ით ესპანეთი მოსდევს.
38 ქვეყნის სიაში საქართველოს მონაცემები გაანალიზებული არ ყოფილა.
საქართველოში სრულწლოვანი პირისთვის მე-10 სამუშაო დღეს გაცემული
პასპორტის საფასური 150 ლარია, ხოლო თუ პირს სამგზავრო დოკუმენტის
მიღება განაცხადის შეტანის დღეს სურს, მას ამისთვის 350 ლარის გადახდა
მოუწევს.
რაც შეეხება ტურისტული ვიზის მოსაკრებელს, ამ შემთხვევაში საშუალო
$127-ით სიის სათავეში ამერიკის შეერთებული შტატებია. აღსანიშნავია,
რომ აშშ-მა გასულ თვეში, გარკვეულ კატეგორიებზე სავიზო მოსაკრებელი
გაზარდა.
მეორე ადგილზეა ახალი ზელანდია, სადაც კვლევის მიხედვით, ტურისტული
ვიზის საშუალო ფასი $106-ია. მესამე ადგილს $90-ით ავსტრალია
იკავებს.
რეიტინგის თანახმად, ყველაზე იაფი ტურისტული ვიზა სამხრეთ კორეაში
ღირს და ფასი $3-ია. მეორე ადგილზე $13-ით თურქეთია. აღსანიშნავია,
რომ თურქეთში ტურისტული ვიზა 91 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს,
მოქალაქეებს არ სჭირდებათ.
გააზიარეთ :