საზოგადოება
„ავტოსადგურები დაიყოფიან 3 კლასად“ - რას გულისხმობს საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმა
მთავრობა საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის რეფორმას გეგმავს, რომელიც რამდენიმე ეტაპს გულისხმობს. შესაბამის კანონპროექტზე ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა.

„რეფორმა გულისხმობს საქალაქთაშორისო გადაყვანების მოწესრიგებას. არსებული მდგომარეობა ვერ პასუხობს მოქალაქეების მოთხოვნებს მომსახურების ხარისხთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. მაგალითად, დღეის მდგომარეობით არ არის ელექტრონულად ხელმისაწვდომი ავტოსადგურის განრიგებიც კი.

რეფორმის დაწყებას წინ უძღოდა ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევები, შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც აფასებს ჩვენს მიერ განხორციელებული ინტერვენციების შესაძლო გავლენებს, მას შემდეგ რაც რეფორმის განხორციელება დაიწყება,“- განაცხადა კეჟერაშვილმა.

რეფორმა რამდენიმე გარდამავალ ეტაპს მოიცავს.

„ჩვენ მომზადებული გვაქვს კანონპროექტი, რომელიც მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტს საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას წარედგინება, თუმცა მოლოდინი არის რომ მისი განხილვა და დამტკიცება მოხდება საშემოდგომო სესიაზე.

ამის შემდგომ შეიქმნება საჭიროება, რომ აღირიცხოს ყველა ის ოპერატორი და ავტოსადგური, რომელიც დღეს ოპერირებს ბაზარზე. დაწესებული იქნება ზოგადი მოთხოვნები ყველა ოპერატორისთვის, მაგალითად, რომ ტექინსპექტირება უნდა ჰქონდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებას გავლილი, წარდგენილი უნდა იქნეს ინფორმაცია, როგორც სატრანსპორტო საშუალების, ასევე მძღოლის კვალიფიკაციის შესახებ, ასევე ზოგადი მოთხოვნები დაწესდება ავტოსადგურების მიმართაც, რომელიც ნაწილობრივ დღესაც მოქმედებს, თუმცა პრობლემებია აღსრულებასთან მიმართებით.


აღნიშნული პროცესი 2024 წლის პირველ მარტამდე დასრულდება და ამის შემდგომ კვლავ დაწესდება გარდამავალი ეტაპი იმისათვის, რომ ავტოსადგურებმა სრულად მოაწესრიგონ ინფრასტრუქტურა, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა იყოს მოწესრიგებული ბაქანი, იყოს საპარკინგე ადგილები როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების წინასარეისო მომსახურებისთვის, სალარო, მძღოლთა მოსასვენებელი ადგილი, მგზავრთა მოსაცდელი სივრცე, ზოგადად დაცული უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნები.

ავტოსადგურები დაიყოფიან 3 კლასად.

პირველი კლასის ავტოსადგურს ექნება უფრო მეტი ინფრასტრუქტურული მოთხოვნა წაყენებული, შემდეგ მოჰყვება მეორე-მესამე კლასის ავტოსადგურები, რომელთაც შედარებით მცირე და მარტივი მოთხოვნები ექნებათ დასაკმაყოფილებელი. ეს იქნება იმაზე დამოკიდებული თუ რომელ ქალაქში მდებარეობს ის, რა მასშტაბის მგზავრს შეიძლება მოემსახურონ და რა სახის მგზავრთა გადაყვანას ახორციელებს, მხოლოდ შიდა სახელმწიფოს თუ საერთაშორისოს. საერთაშორისო რეისის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ პირველი კლასის ავტოსადგურიდან,“- განაცხადა ერეკლე კეჟერაშვილმა.

მისი თქმით, ეკონომიკის უწყებას სატრანსპორტო სექტორთან კონსულტაციები გავლილი აქვს, როგორც გასულ წელს ავტოსადგურებთან და ოპერატორებთან, ასევე მიმდინარე წელს დაინტერესებულ პირთა ფართო წრესთან, მათ შორის იმ სახელმწიფო უწყებებთან, რომლებიც შეიძლება ჩართული იყვნენ რეფორმის განხორციელების პროცესში.

„ჩვენ ვგრძნობთ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერას, დადებით მოლოდინს და ინტერესს, რომ მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს და მგზავრობის უსაფრთხოების დონე ამაღლდეს,“ - აცხადებს კეჟერაშვილი. მისი თქმით, მოუწესრიგებელი სექტორი აფერხებს ტურიზმსაც, რადგან ტურისტებს არ აქვთ ინფორმაცია, რომ ქალაქებს შორის გადაადგილება ავტობუსებითაც შეიძლება.

კეჟერაშვილის თქმით, სახელმწიფო საქალაქთაშორისო მგზავრობის ტარიფში რაიმე ჩარევას ჯერჯერობით არ გეგმავს, თუმცა არაა გამორიცხული რომ გარკვეული მიმართულებებზე ტარიფის სუფსიდირება მოხდეს.

„პირველ ეტაპზე სახელმწიფოს მხრიდან არ იგეგმება რაიმე სატარიფო ინტერვენცია, ვინაიდან საქალაქთაშორისო გადაადგილება, განსხვავებით მუნიციპალური ტრანსპორტისა არის კომერციულად მოგებიანი მომსახურება და ბიზნესს აქვს დაინტერესება, თუმცა მომავალში არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული მიმართულებები იყოს კომერციული ინტერესის მიღმა და სახელმწიფომ გარკვეული ჩარევა განახორციელოს, “- აღნიშნა მან.

ერეკლე კეჟერაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ბაზარზე დაახლოებით 5000 ოპერატორია. ის რეფორმის შედეგად ბაზრის მონაწილეების მნიშვნელოვან ცვლილებას არ ელის, თუმცა საერთო ჯამში ბაზრის გაჯანსაღებას და შემდგომში ამ მიმართულებით უცხოელი ინვესტორების ინტერესის გაჩენის მოლოდინი აქვს.

კეჟერაშვილის თქმით, რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების მაკონტროლებელ ორგანო ეკონომიკის უწყებაში შემავალი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო იქნება. აღსრულების მექანიზმში ჩართული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროც.

„რეფორმის ფარგლებში დაიხვეწება მონიტორინგის სისტემა და მექანიზმები. მონიტორინგს განახორციელებს ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო. აღსრულების მექანიზმში ჩართული იქნება შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელიც განახორციელებს გზებზე იმის კონტროლს, თუ რამდენად აკმაყოფილებენ მგზავრთა გადამყვანი ოპერატორები დაწესებულ მოთხოვნებს და რამდენად გადაადგილდებიან ისინი იმ ნებართვით, რომელიც სახელმწიფოსგან იქნება დაწესებული. დარღვევის შედეგად კი სხვა სანქციებთან ერთად განიხილება ფულადი სანქციებიც,“- განაცხადა კეჟერაშვილმა.


წუარო: commersant.ge

Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.