მცხეთის რაიონულმა სასამართლომ
ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ
დავით ჯიჯეიშვილს 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
2022 წლის 28 ივლისს დაბადების დღის წვეულებაზე მომხდარ დანაშაულზე
ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
დავით ჯიჯეიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით ჰქონდა
წაყენებული: განზრახ მკვლელობისთვის (108-ე მუხლით) და დანით ჩადენილი
ჯგუფური ხულიგნობისთვის (239-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და
მე-3 ნაწილით). მას 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ საქმეზე სასაამართლომ
დამნაშავედ ცნო ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ ორ ადამიანს - მათ
სამი წლით და ექვსი თვით და ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა
განუსაზღვრა.
ამავე საქმეზე დაკავებული იყო კიდევ რამდენიმე ადამიანი. მათ შორის
სამს ჰქონდა ჯგუფური ხულიგნობის ბრალდება (239-ე მუხლის მე-2 ნაწილის
"ა" ქვეპუნქტით - ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობა), ორს ცრუ ინფორმაციის
მიწოდებისა (370-ე მუხლის მესამე ნაწილით) და მძიმე დანაშაულის
შეუტყობინებლობისთვის (376-ე მუხლის პირველი ნაწილით). მათ სამიდან
შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
28 ივლისს ცხვარიჭამიაში 20 წლის ახალგაზრდა კაცი მოკლეს. რამდენიმე
საათში ამ საქმეზე დააკავეს შვიდი ადამიანი. მათ გამოძიება
ხულიგნობას, ცრუ ინფორმაციის მიწოდებასა და დანაშაულის
შეუტყობინებლობას ედავება. დაკავებულები არიან ის ადამიანები,
რომლებიც მკვლელობის დღეს, დაბადების დღის წვეულებაზე იყვნენ.
22 წლამდე ახალგაზრდა კაცი პოლიციამ განზარახ მკვლელობის ბრალდებით 29
ივლისს დააკავა. გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 28
ივლისს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით გულ-მკერდის
არეში დაზიანება მიაყენა 2002 წელს დაბადებულ მირიან კუკავას და
შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. კუკავა მიყენებული ჭრილობის შედეგად
გარდაიცვალა.
დავით ჯიჯეიშვილმა სასამართლო სხდომაზე ბრალი ნაწილობრივ აღიარა.
ფოტო: ფორმულა
წყარო: რადიო თავისუფლება