"ქვეყანას უნდა ჰყავდეს აუცილებლად კარგად გაწვრთნილი რეზერვი" - ჯუანშერ ბურჭულაძე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ჯუანშერ ბურჭულაძე ახალ „თავდაცვის კოდექსზე“ საუბრისას აღნიშნავს,
რომ საქართველოს მსგავსი გამოწვევების მქონე ქვეყნისთვის ტოტალური
თავდაცვის პრინციპს ალტერნატივა არ აქვს და ქვეყანას უნდა ჰყავდეს
აუცილებლად კარგად გაწვრთნილი და მომზადებული რეზერვი, რასაც
საქართველო აუცილებლად მიაღწევს.
„ამაზე ვთანხმდებით ყველა, ჩვენც და ჩვენი
პარტნიორებიც“, - აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.
მინისტრის განმარტებით, რეგულარული საკონტრაქტო ჯარი და სავალდებულო
სამხედო სამსახური შეტანილია თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების
გეგმაში და ახალ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტში. მინისტრის თქმით,
სტუდენტებს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ
ნებაყოფლობით შეეხებათ:
„სტუდენტები ნებაყოფლობით აირჩევენ იმ პროგრამას,
რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, რაც ყოველწლიურად, ერთი თვის განმავლობაში
სავალდებულო ჯარის გავლას გულისხმობს“.
1 მარტს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა თავდაცვის მინისტრის
მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის კომენტარი, რომელშიც ის ამბობდა, რომ
სტუდენტის სტატუსი წვევამდელს ჯარიდან ავტომატურად ვეღარ იხსნიდა.
მოქმედი კანონმდებლობით, სტუდენტის სტატუსი ავტომატურად გულისხმობს,
რომ ახალგაზრდას სამხედრო სავალდებულო სამსახურში ვერ გაიწვევენ.
კანონმდებლობის თანახმად, ჯარში მიჰყავთ 18-დან 27 წლამდე ახალგაზრდა
კაცები.
თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული „თავდაცვის კოდექსი“
პარლამენტის ბიუროს 6 თებერვალს წარედგინა. საკანონმდებლო პაკეტი სხვა
ცვლილებეთან ერთად იმასაც ითვალისწინებდა, რომ სასულიერო პირი
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვეღარ
ისარგებლებდა და ის არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში
გაწვევას დაექვემდებარებოდა.
თავდაპირველი ინფორმაციით, „თავდაცვის კოდექსი“, პარლამენტის
სხდომაზე, პირველი მოსმენით 7 მარტს უნდა განხილულიყო; მაგრამ ეს არ
მოხდა. იმავე დღეს დაიწყო მღელვარება ე.წ. აგენტების შესახებ
კანონპროექტების მოულოდნელი განხილვის გამო, რაც მანამდე 9 მარტისთვის
იყო დაგეგმილი.
გუშინ, 11 მარტს პარლამენტის წინ, პარტია „გირჩის“ აქციაც გაიმართა
სახელწოდებით „არა მონობას“, სადაც „თავდაცვის კოდექსში“ შესატან
ცვლილებები გააპროტესტეს და მოითხოვეს, რომ სავალდებულო სამხედრო
სამსახურში წასვლა იყოს ნებაყოფლობითი.