აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ რკინის ჯებირი მოანგრიეს
საქართველოს პარლამენტთან, იქ სადაც
მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის
პირველი მოსმენით მიღებას აპროტესტებენ, ვითარება უკიდურესად
დაძაბულია.
აქციის მონაწილეებმა რკინის ჯებირები
მოანგრიეს. პოლიცია მათ დაშლას წყლის ჭავლით და ცრემლსადენი გაზით
ცდილობს. არიან დაშავებულები.
სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილი მოქალაქეების
წინააღმდეგ იყენებს, სავარაუდოდ, ე.წ. "წიწაკის სპრეისაც".
აქციის მონაწილეებს სხვადასხვა სახის დაზიანება აქვთ. მათ სასწრაფო
დახმარების ექიმები უწევენ სამედიცინო დახმარებას.
სამართალდამცავები და სპეცდანიშნულების რაზმი პარლამენტთან შეკრებილ
მოქალაქეებს არ აძლევენ საშუალებას, პარლამენტის მიმდებარე
ტერიტორიაზე გადაადგილდნენ.
სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც პარლამენტმა პირველი მოსმენით, 76
ხმით 13-ის წინააღმდეგ, მიიღო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტი.
მმართველი პარტია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ე.წ. უცხოეთის
აგენტების შესახებ კანონპროექტებს სესიაზე ხუთშაბათს, 9 მარტს,
გაიტანდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს, 7 მარტს, დღის ბოლოს, ფრაქცია
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ სხდომაზე წამოაყენა
წინადადება, რომ კანონპროექტი დღესვე განეხილათ.
ცნობისთვის, დღეს, 7 მარტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „უცხოური
გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით
მიიღეს. კანონპროექტს მხარი 76–მა დეპუტატმა დაუჭირა, 13 კი
წინააღმდეგი იყო.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი კანონპროექტზე ვეტოს დადებას გეგმავს.
ამერიკის საელჩომ ამ მოვლენას საქართველოს დემოკრატიის შავი დღე
უწოდა. მათი თქმით, ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს
ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის
მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია
თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და
კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე
ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი.
პარალელურად, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს,
გადაკეტილია რუსთაველის გამზირი. სამართალდამცავებმა რამდენიმე
მოქალაქე დააკავეს, მათ შორის "გირჩის" ლიდერი, ზურა
ჯაფარიძე.