საზოგადოება
კობახიძე ამბობს, რომ აგენტების კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ
კობახიძე ამბობს, რომ აგენტების
კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერენ ამის შესახებ
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნებიდან
წამოსული დეპუტატებით დაკომპლექტებულმა ანტიდასავლურმა მოძრაობამ,
ხალხის ძალამ კანონპროექტი შეიმუშავა, რომლის მიზანიც მედიისა და
არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციაა.
მათ სურთ, შეიქმნას "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი",
სადაც დარეგისტრირდება ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი და
მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოეთიდან
ფინანსდება.
მსგავსი კანონი მოქმედებს რუსეთში — ქართველი
დეპუტატების მსგავსად, ოკუპანტი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო მის
მიღებას მოქალაქეების ინტერესების, ქვეყნის უსაფრთხოებისა და
სუვერენიტეტის "უცხოური გავლენებისგან" დაცვის მოტივით ხსნიდა,
საბოლოოდ, კი კრემლმა მედიების, ორგანიზაციებისა და თავისუფალი
სიტყვის წინააღმდეგ გამოიყენა.
გასულ წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა,რომ ეს
რუსული კანონი ადამიანის უფლებებს არღვევს.
"უცხოური გავლენის აგენტებზე" კანონპროექტი გააკრიტიკა არაერთმა
ექსპერტმა, ადგილობრივმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ხალხის ძალის მიერ
წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა
სტანდარტებთან.
ომბუდსმენის აპარატშიც ამბობენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს
და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან
შეუთავსებელია.
ხალხის ძალაში ცდილობენ დაამტკიცონ, თითქოს მათი პროექტი არა რუსული,
არამედ უნგრული და ამერიკული კანონიდანაა აღებული, თუმცა ასე არ
არის.
სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ ის არ არის აშშ-ში არსებული
კანონის მსგავსი, რაც შეეხება უნგრულ კანონს OSCE/ODIHR, ევროპის
საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაერომ ის
უარყოფითად შეაფასა.
ამ განმარტებების, მოწოდებებისა და მიმართვების ფონზე, კანონპროექტზე
გამიჯვნის ნაცვლად, მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მას მხარს
დაუჭერენ.
დეტალები: კობახიძე ამბობს, რომ უახლოეს დღეებში შედგება საკომიტეტო
მოსმენები, რის შემდეგაც იქნება პლენარულის სხდომა და მიიღებენ
კანონის ორივე ვერსიას, საუბარია რუსულსა და ამერიკულზე.
"ამის შემდეგ ორივე დოკუმენტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში. ჩვენ
ვფიქრობთ დასკვნის დაჩქარებული წესით წარდგენას", — ამბობს
კობახიძე.
ამბობს, რომ სესიის ბოლომდე დასრულდება კანონპროექტის შესაბამისი
ვერსიის მიღება.
მისი თქმით, თუ იქნება დადებითი დასკვნა ამერიკულ ვარიანტთან
დაკავშირებით, ამერიკულს განიხილავენ, თუ ქართულთან დაკავშირებით
იქნება — ქართულს.
"ვენეციის კომისია განიხილავს დეტალებს კანონპროექტთან
დაკავშირებით... ვერავინ იტყვის იმას, რომ გამჭვირვალობა არ ვარგა", —
განაცხადა კობახიძემ
წყარო: on.ge
გააზიარეთ :