ბაკურიანელი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 13 წელი გავიდა
დღეს, 12 თებერვალს, ბაკურიანელი
მოციგავის ნიდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებიდან 13 წელი
გავიდა.
ის 2010 წლის 12 თებერვალს,
ვანკუვერში, ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე
გარდაიცვალა.
საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრმა, მოციგავე ნოდარ
ქუმარიტაშვილმა, უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე, ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო
დაშვების დროს მართვა დაკარგა და 143.3 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ციგა
ტრასის ბორტს შეეჯახა. ამის შედეგად იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან
მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების
ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი
გადარჩენა ვერ მოხერხდა. 21 წლის ქართველი სპორტსმენი საავადმყოფოში
მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
20 თებერვალს სპორტსმენი მის მშობლიურ ბაკურიანში, ეკლესიის ეზოში
დაკრძალეს.
ბაკურიანში იმ ქუჩას, სადაც ნოდარ ქუმარიტაშვილი ცხოვრობდა, ქართველი
ოლიმპიელის სახელი ეწოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ვანკუვერში
ნოდარ ქუმარიტაშვილისადმი მიძღვნილი მემორიალი გაიხსნა.