ახალი ამბები
"ვწყვეტთ საინფორმაციო საქმიანობას" - ფინანსური პრობლემები რეგიონულ მედიაში
დღეიდან, საინფორმაციო საქმიანობებს
წყვეტს ორი რეგიონული მედია.
ქვემო ქართლის ტელე-რადიო კომპანია
TV 4 და livepress.ge. სპეციალური განცხადებები მედია საშუალებებმა
თავიანთ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნეს.
"დღეს,12 წლიანი მუშაობის შემდეგ, ფინანსური პრობლემების
გამო, ინტერნეტგამოცემა "ლაივპრესი" ფუნქციონირებას წყვეტს.
განსაკუთრებული მადლობა მკითხველს ნდობისთვის, ერთგულებისთვის,
კრიტიკისთვისაც. მადლობა "ლაივპრესის" ყველა თანამშრომელს, ვისაც კი
რედაქციაში სხვადასხვა დროს უმუშავია. მადლობა არასამთავრობო
ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის. მადლობა ყველა დონორ ორგანიზაციას,
საელჩოებს გამოცხადებული ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის,
გულშემატკივრობისთვის. მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს,
რომელმაც რამდენჯერმე მოგვცა შესაძლებლობა, გაცვლით პროგრამებში
მონაწილეობისთვის. დღეიდან ინტერნეტგამოცემა
"ლაივპრესი" აღარ განახლდება და ვებგვერდიც
მოკლე პერიოდში გაითიშება" - აღნიშნულია Livepress-ის განცხადებაში.
"დღეს, 25 წლის შემდეგ, სამწუხარო რეალობის წინაშე
აღმოვჩნდით. ჩვენ გვიწევს ტელე-რადიო კომპანიის საინფორმაციო
გამოშვების შეჩერება და ამით, ინფორმაციის გარეშე დარჩება ჩვენი
ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა. 2023 წლის 1 თებერვლიდან TV4-ის
ეთერში საინფორმაციო გამოშვება ქრონიკა ვეღარ გავა. ქალაქი და რეგიონი
ერთადერთი რეგიონალური ტელეკომპანიის გარეშე რჩება . მადლობას
მოგახსენებთ ჩვენს ერთგულ მაყურებელს და ყველას, ვისაც სჯერა, რომ
ქალაქს უნდა ჰქონდეს საკუთარი არხი. მთავარი მიზეზი ფინანსებია,
რომელიც ტელეკომპანიას ხელოვნურად შეუმცირდა . რეგიონალურ
ტელეკომპანიებს სახელმწიფომ შეუზღუდა რიგი რეკლამები, საზოგადოებრივ
ტელევიზიას მისცა რეკლამის გაყიდვის უფლება, რამაც შესაბამისად, კიდევ
უფრო შეამცირა შემოსავალი. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ქვემო
ქართლის სამხარეეო ადმინისტრაციას და ქალაქ რუსთავის ხელმძღვანელებს
რადგან სწორედ მათი მოღვაწეობის პერიოდში დაფიქსირდა რეგიონის
საინფორმაციო გამოშვების შეჩერების ფაქტი . ჩვენ ვაჩერებთ
საინფორმაციოს! მხოლოდ მომავალში შეხვედრის იმედით შეგვიძლია,
დაგემშვიდობოთ" - ნათქვამის TV4-ის განცხადებაში.
ორი რეგიონული მედიის
საინფორმაციო საქმიანობის შეწყვეტას, საკუთარ Facebook გვერდზე
გამოეხმაურა, ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ნათია
კუპრაშვილი.
"მიმდინარე კვირაში უკვე მეორე განცხადებაა ადგილობრივი
რეგიონული მედიიდან - მრავალწლიანი ფუნქციონირების შემდეგ მუშაობის
შეწყვეტასთან დაკავშირებით. დღეს მედიებს არავინ ხურავს, თავად
იხურებიან. მოგუდეს და გაიგუდნენ" - წერს ნათია
კუპრაშვილი.
გააზიარეთ :