ახალი ამბები
ლიკანში, დევნილების კორპუსში ხანძრის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან
ლიკანში, დევნილების კორპუსში 8
იანვარს გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი ფართი დაიწვა.
მიყენებულ ზარალს აუდიტის სამსახური
სწავლობს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტელეკომპანია "ბორჯომს"
განუცხადეს, რომ დასკვნის მომზადების შემდეგ გაირკვევა რა სახის
დახმარებას გაუწევს ადგილობრივი თვითმმართველობა დაზარალებულს.
„მიმდინარეობს ზარალის დათვლა. საქმეს ბორჯომის
მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახურიც სწავლობს. დევნილთა,
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გარკვეულ დახმარებას გაუწევს,
ჩვენი აუდიტის სამსახურიც გააკეთებს დასკვნას რა ზიანი იქნა
მიყენებული და ამის მიხედვით გადავწყვეტთ დახმარების საკითხს.
დაზარალებული ამ დროისთვის ნათესავთან ცხოვრობს და არ საჭიროებს ქირით
გაყვანას" - განაცხადა ბორჯომის მერმა ოთარ
არბოლიშვილმა.
დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლები ლიკანში 10 იანვარს
იმყოფებოდნენ. ოთარ არბოლიშვილი განმარტავს, რომ ბორჯომის
მუნიციპალიტეტის მერიაში კომპენსაციის მინიმალური ან მაქსიმალური
ზღვარი არ არის განსაზღვრული და კომპენსაციის ოდენობა ინდივიდუალური
შემთხვევის შესწავლის შემდეგ დგინდება.
შეგახსენებთ, ლიკანში, დევნილთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი 8
იანვარს გაჩნდა. დაიწვა საცხოვრებელი ფართი, ავეჯით. შემთხვევის
შედეგად არავინ დაშავებულა.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო,
რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით,
აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით. რამ გამოიწვია
ხანძრის გაჩენა, ამას გამოძიება დაადგენს.
ამავე თემაზე:
ბორჯომში დევნილთა დასახლებაში საცხოვრებელი
ფართი დაიწვა
გააზიარეთ :