რა ტიპის კითხვები იქნება მართვის მოწმობის გამოცდაზე მანქანის ტექნიკური გამართულობის შესახებ
მართვის მოწმობის აღება მკაცრდება.
რეალურ სივრცეში გამოცდის ჩაბარებამდე, მსურველმა, მანქანის ტექნიკური
გამართულობის შემოწმებაც უნდა იცოდეს.
შესაბამის ცვლილებას შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება ითვალისწინებს, რომელიც 2023 წლის 1-ლი
სექტემბრიდან ამოქმედდება.
როგორც შსს-ს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ჯამში 20 კითხვა
იქნება, რომელიც შსს მინისტრის ბრძანებაში, განმარტებული პასუხებითაა
მოცემული.
ამასთან, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის დაწყებამდე, კანდიდატმა
უნდა უპასუხოს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ძრავაში ზეთის დონის
შემოწმება, ფარებისა და შუქამრეკლების, ასევე, საავარიო
შუქსიგნალიზაციის გამართულობა და სხვა.
„ყველა მძღოლი ვალდებულია, რომ უსაფრთხოდ მოძრაობდეს.
ასევე, ჰყავდეს სატრანსპორტო საშუალება მოწესრიგებული იმისთვის, რომ
უზრუნველყოს უსაფრთხო გადაადგილება და მიიღოს მონაწილეობა საგზაო
მოძრაობაში, როგორც უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალება.
როგორც მოგეხსნებათ, 2022 წლის 26 აპრილიდან უკვე 2 ეტაპად
მიმდინარეობს პრაქტიკული გამოცდა. აღნიშნული, ჩვენ მიერ, დანერგილ
იქნა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების საფუძველზე,
რომლის დირექტივები ითვალისწინებს, რომ პრაქტიკული გამოცდის ნაწილი
აუცილებლად უნდა ჩაბარდეს რეალური მოძრაობის პირობებში და სწორედ იქ
იყოს კანდიდატის უნარები გამოვლენილი, თუ რამდენად მზად არის ის
მძღოლობისთვის. აღნიშნული დირექტივები დამატებით ასევე, ითვალისწინებს
და ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ კანდიდატებს, სანამ ისინი საგზაო
მოძრაობაში ჩაერთვებიან, დავუსვათ კითხვები სატრანსპორტო საშუალების
ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებით. ეს რა თქმა უნდა, არ
გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად ძრავა უნდა დაიშალოს ან მექანიკურად
დავშალოთ სატრანსპორტო საშუალება.
ეს კითხვები მოცემულია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში, რომელიც
არეგულირებს მართვის მოწმობის მისაღებ პრაქტიკული გამოცდის
წესებს.
B კატეგორიას რაც შეეხება, აქ არის 20 შეკითხვა. ოცივე კითხვაზე იქვე
განმარტებულია თავისი პასუხები, რომლის ცოდნაც უნდა მოეთხოვოს
კანდიდატს, სანამ ის დაიწყებს საგზაო მოძრაობაში ჩართვას.
კითხვები ძირითადად ეხება ისეთ ტექნიკურ საკითხებს, როგორიცაა
მაგალითად, ძრავაში ზეთის დონის შემოწმება (თუ როგორ უნდა შეამოწმოს,
კანდიდატმა ეს უნდა განმარტოს). ასევე, შუქამრეკლებთან და ფარებთან
დაკავშირებით, მათი გამართულად მუშაობის შესახებ წარმოდგენა უნდა
ჰქონდეს კანდიდატს და უნდა განმარტოს, როგორ შეამოწმებს საკუთარ
სატრანსპორტო საშუალებაზე.
აგრეთვე, საავარიო შუქსიგნალიზაციის გამართულად მუშაობის შემოწმება,
რომლის განმარტებაც მოუწევს კანდიდატს, იმისთვის, რომ ჩაერთოს საგზაო
მოძრაობაში. როგორ უნდა შეამოწმოს საავარიო შუქსიგნალიზაცია,
იმისთვის, რომ დარწმუნდეს გამართულად მუშაობს ის, თუ არა.
სადგომი მუხრუჭი, მუშა მუხრუჭი... საკითხები, რომელიც ძირითადად
შეეხება სატრანსპორტო საშუალების ისეთ ნაწილებს, რომელიც უზრუნველყოფს
მის უსაფრთხოდ გადაადგილებას.
მაგალითად, ასევე ერთ-ერთი საკითხია წყლის რეზერვუარში, რომელიც
უზრუნველყოფს საქარე მინის გაწმენდას, წყლის შემოწმება, ან ზოგადად,
შეიძლება გვაჩვენოს, სად მდებარეობს ეს რეზერვუარი“,-
განაცხადა იმედა მაკასარაშვილმა.