საზოგადოება
მონაზვნის ცემისა და გაუპატიურების უმძიმეს საქმეზე საპატრიარქომ პირველი კომენტარი გააკეთა
70 წლის მონაზვნის ცემისა და გაუპატიურების უმძიმეს საქმეზე საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მამა ანდრია ჯაღმაიძე პირველ კომენტარს აკეთებს.

„ის, რაც დღეს ხაშურში, ცხრამუხის მონასტერში მოხდა, ეკლესიის ისტორიის ყველაზე მძიმე მოგონებებს აცოცხლებს.

გარდა ეროვნული ტრაგედიისა, რთულია რაიმე სახელი შეურჩიოთ ამ გაუგონარ ფაქტს, რომლის მსგავსი მხოლოდ ქვეყნის სრულად განადგურების მოსურნე მტრის შემოსევების დროს თუ მომხდარა საქართველოში და ისიც ყოველთვის არა.

როგორ მივედით აქამდე?!

ყოველგვარ ქმედებას წინ აუცილებლად უძღვის მოტივაცია, საკრალურის შეურაცხყოფას კი – დამახინჯებული იდეოლოგია, რომელიც დესაკრალიზაციის გზით ხსნის ყველა ბარიერს და პროფანაციას ეწევა იმისა, რაც მასაზრდოებელი უნდა იყოს ადამიანთა სულიერი ცხოვრებისა.

გამალებული და ორგანიზებული ანტიეკლესიური კამპანია მასმედიის ზოგიერთ საშუალების (,,მთავარი არხი”, ,,ტვ პირველი”, ,,ფორმულა”), „თეოლოგის“ თუ „ექსპერტის“ მხრიდან, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ჩვენი ქვეყნის ხსნა, მისი ეკონომიური აღმასვლა და პოლიტიკური გამარჯვებები მართლმადიდებლური ეკლესიის სრული რეორგანიზაციით ან, საერთოდ, დაშლით უნდა მოხდეს, მოსახლეობის ნაწილზე მძიმე გავლენას ახდენს.

ადრეც განვაცხადეთ, რომ 2021 წელს მარტვილის რეზიდენციაში შეჭრა შესაძლოა, „რეპეტიციად“ ქცეულიყო შემდგომი მოვლენებისა. გავიხსენოთ მედიის ცილისმწამებლური კამპანია ბოდბის დედათა მონასტრის დედებისადმი, როდესაც მათ არც მეტი, არც ნაკლები, მოსახლეობის მკვლელობის ორგანიზებაში დასდო ბრალი „მთავარმა არხმა“ (ბოდიში არავის მოუხდია დღემდე). რა ხდება ამ ყველაფრის შემყურე ავაზაკის გონებაში, რომელსაც ხალხის არ რცხვენია? თუ ხედავს, რომ დასაშვებია ეკლესიის გამუდმებული დადანაშაულება ოკუპანტი ქვეყნის პოლიტიკის გატარებაში, თუ ხედავს, რომ დასაშვებია, სვეტიცხოვლის ეზოში სვეტიცხოვლობა დღეს სასულიერო პირებს „ბანდიტები“ უწოდოს (,,ტვ პირველი”) ჟურნალისტმა, თუ დასაშვებია მსახურებების ჩაშლა (,,მთავარი არხის” ჟურნალისტის მიერ მარტვილის ტაძარში) და პატრიარქის ქვეყნის მტრად გამოცხადება, რაღა რჩება იქიდან, რისი დაშვებაც შესაძლებელია იმ ავაზაკი ადამიანის გონებაში, რომელსაც ღმერთის არ ეშინია?! – ის, რაც მოხდა დღეს ხაშურის დედათა მონასტერში.

საქართველოში ქრისტიანული ეკლესიის დაკნინების მცდელობებს უკავშირდება ოჯახური ტრადიციების ნგრევაც, რაც ოჯახური კონფლიქტების სიხშირით ვლინდება. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა გუშინ მომხდარი ოჯახური ტრაგედიაცაა, ქალზე ძალადობის საშინელი ფაქტით.

საზოგადოების კრიზისი და ტრაგედია – სწორედ ასეთი შეიძლება იყოს აღქმა მონასტერში ასაკოვან მონაზონზე განხორციელებული ძალადობისა არა მომხდური მტრის, არამედ საკუთარი თანამოქალაქის მხრიდან. საჭიროა, ეს ტრაგედიები თითოეულმა ჩვენგანმა, როგორც საკუთარი ოჯახის ტრაგედია, ისე მივიღოთ, თითქოს ჩვენს სახლში, ჩვენს ოჯახის წევრს მიაყენეს ენით გამოუთქმელი ტკივილი და გავიაზროთ ერთი რამ: თუ საზოგადოებაში ვთესავთ ღვარძლს, მისი ნაყოფი აუცილებლად ჩვენამდეც მოაღწევს და, სამწუხაროდ, ყველაზე მძიმე შედეგებით.

პ.ს. ჩვენ თვალწინ მზადდება ის სურათი, რაც ხდებოდა ეკლესიის დევნის უმკაცრეს ეტაპებზე. დიოკლეტიანეს დევნაც მოტივირებული იყო სწორედ იმ მოსაზრებით, რომ ქრისტიანები იყვნენ მთავარი ხელის შემშლელი ფაქტორი რომის იმპერიის ეკონომიური თუ პოლიტიკური გამარჯვებებისა“, – წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.